თბილისის მეტროს რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს

19/12/2017

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 5-ის“ შეთანხმება გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, იეშიმ ელჰან-კაიალარიმ.

შეთანხმების ფარგლებში, ADB-ის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი იქნება 12 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი.

„აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის ათი წელია გრძელდება წარმატებული თანამშრომლობა. დღეს ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებს თბილისის მეტროს რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსებას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მეტროს ელექტრო გაყვანილობის და სავენტილაციო სისტემის გამოცვლა. პროექტის მთლიანი მოცულობა შეადგენს 14 მლნ 200 ათას ევროს, საიდანაც საქართველოს თანამონაწილეობა, დაახლოებით, 2.2 მლნ ევროა. ზოგადად, ჩვენი მთავრობის და თბილისის მერიის ამოცანაა, მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდეს სატრანსპორტო სფეროში და დღევანდელი პროექტიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

პროექტს 2018-2019 წლებში სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქალაქ თბილისის მერია და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ განახორციელებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0