თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი წევრები მოსახლეობას დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტს აცნობენ

20/12/2017

ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თამარ ტალიაშვილი რაიონის გამგებელთან ირაკლი ხელაძესთან ერთად დღეს ზღვისუბნის მცხოვრებლებს შეხვდა და იმ პრიორიტეტებზე ესაუბრა, რომლებიც თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტშია ასახული.

მოსახლეობამ ასევე დეტალური ინფორმაცია მიიღო განსახორციელებელ პროექტებზე, რომლებიც 2018 წლის ბიუჯეტში ნაძალადევის რაიონისთვის არის გათვალისწინებული.

როგორც თამარ ტალიაშვილმა განმარტა, 2018 წელის ბიუჯეტით ზღვისუბნის დასახლებაში დაგეგმილია სამი ძირითადი ქუჩის მოვლა-შეკეთება, 26 ლოკაციაზე კი განხორციელდება ბილიკების, ეზოების, კორპუსებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტის ღირებულება ჯამში 629 344 ლარს შეადგენს. ასევე 16 200 ლარი მოხმარდება კეთილმოწყობის ღონისძიებებს, რომლებიც სატრანსპორტო კვანძზე ჩამოსასვლელად სამი კიბის მოწყობა-რეაბილიტაციას გულისხმობს.

დეპუტატის განცხადებით, თემქაზე განახლდება ერთი სკვერი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება ექვს სპორტულ მოედანს. მოეწყობა ახალი საბავშვო ატრაქციონები და მოწესრიგდება საკანალიზაციო ქსელი.

თამარ ტალიაშვილი ნაძალადევის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს და თბილისის ბიუჯეტით რაიონისთვის გათვალისწინებული პროექტების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0