თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ფრაქცია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ და განათლებისა და კუტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა თბილისის ბაგა-ბაღების ფსიქოლოგებსა და ლოგოპედებს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგის სერტიფიკატები გადასცა.
პირველ ეტაპზე, გადამზადების კურსი ბაგა-ბაღებში მოქმედმა 60-მდე ფსიქოლოგმა და 30-მდე ლოგოპედმა გაიარა.
თამარ ტალიაშვილმა ფსიქოლოგებსა და ლოგოპედებს გადამზადების კურსის პირველი ეტაპის წარმატებით დასრულება მიულოცა და მათი საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ჩვენი მიზანი ბაგა-ბაღებში ბავშვისთვის ფსიქოსომატური განვითარების თანაბარი შესაძლებლობების გარემოს შექმნაა და ამ პროცესში კვალიფიციური ფსიქოლოგებისა და ლოგოპედების როლი ძალიან დიდია’’,-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
მისევე თქმით, ბაგა-ბაღების ფსიქოლოგებისა და ლოგოპედების შტატებით უზრუნველყოფის საკითხი 2015 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტში საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის სხვა ინიციატივებთან ერთად აისახა და აღნიშნულ საკითხზე მუშაობა თბილისის მერიამ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან ერთად საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინირებულად დაიწყო.
ტრენინგის მიზანი ბაგა-ბაღებში ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განვითარების, სხვადასხვა უნარ-ჩვევების ფორმირებისა და ბაღში ინკლუზიური გარემოს შექმნაა.
პირველი ეტაპის გადამზადებულ სპეციალისტებს პროექტის ფარგლებში შექმნილი ორი ახალი სახელმძღვანელო – „ფსიქოლოგის როლი სკოლამდელ აღზრდაში“ და „კომუნიკაცია, ენა და მეტყველება – საბაზისო გზამკვლევი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის“ გადაეცათ.
ამ ეტაპზე ფსიქოლოგის შტატი უკვე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების 72%-შია დაშვებული, 2016 წლის ივნისი-ივლისისთვის კი აღნიშნული შტატებით ბაგა-ბაღების 100%-ის უზრუნველყოფაა დაგეგმილი.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და პროგრამის მნიშვნელობაზე თბილისის მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა, ბაგა-ბაღების მართვის ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ და UNICEF-ის განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა მაკო ყუფარაძემ ისაუბრეს.
თბილისის ყველა ბაგა-ბაღის აღსაზრდელზე ფსიქოლოგი და ლოგოპედი იზრუნებს
10/05/2016