თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების “Welcome to Georgia“-ს შესახებ გამართულ პრესკონფერენციას დაესწრო. საქართველოს ბანკის სათაო ოფისში გამართულ ღონისძიებას „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების დეპარტამეტის უფროსი ზურა მასურაშვილი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების აღმასრულებელი პარტნიორი მარინა ჩაიკა და ჟურნალისტები ესწრებოდნენ. კონფერენციაზე ტურიზმის ინდუსტრიაში მოღვაწეთა ეროვნული დაჯილდოების „“Welcome to Georgia“-ს პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. ირაკლი ლექვინაძემ პრესკონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და პროექტის მხარდაჭერაზე ისაუბრა. „თბილისის მერია მხარს უჭერს პროექტს, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიისთვის წამახალისებელია. აღნიშნული ინდუსტრიის განვითარება კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვანია დედაქალაქისთვის – ტურისტების უმეტესობა თბილისს სტუმრობს, შემოსავლების დიდი ნაწილი გენერირდება დედაქალაქის ეკონომიკაში. შესაბამისად, ნებისმიერი აქტივობა, რომელიც გაზრდის თბილისის ცნობადობას, ხელს შეუწყობს ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვას, ჩვენთვის საინტერესოა. ამასთან, პროექტში მონაწილე ობიექტების უმრავლესობა განთავსებულია თბილისში და მათ განვითარებაში ეს ღონისძიება გარკვეულ როლს შეასრულებს. მოქმედი კომპანიების სტიმულირებით ბაზარი გახდება განვითარებაზე უფრო მეტად ორიენტირებული და პროდუქტები კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება“- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. პროექტში მონაწილეობენ ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიები საქართველოს ყველა რეგიონიდან, სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურ-ოპერატორები, ღვინის კომპანიები, საკვები ობიექტების სერვისების მიმწოდებლები. ტურიზმის ინდუსტრიაში მოღვაწეთა ეროვნული დაჯილდოება: “Welcome to Georgia“ თბილისში წელს მეორედ, 2 დეკემბერს, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ გაიმართება.