საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული სპექტაკლების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ფესტივალის დირექტორი ეკა მაზმიშვილი, ფესტივალის დირექტორები, პროდიუსერები და კრიტიკოსები ესწრებოდნენ.
ქართული სპექტაკლების პროგრამა (Georgian ShowCase) ფესტივალის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ქართული თანამედროვე თეატრის გაცნობის, პროექტების ინიცირებისა და გაცვლითი პროექტების მიზნით სტუმრობენ. ქართული პროგრამა აერთიანებს დრამატულ თეატრს, თანამედროვე ცეკვასა და დრამატურგიას, როგორც დედაქალაქიდან, ასევე რეგიონიდან.
2016 წლის ქართული სპექტაკლების მთავარი პროგრამა, ამ დროისთვის, 9 თეატრის 10 სპექტაკლით განისაზღვრა.
პროგრამა თეატრის კრიტიკოსებისგან შემდგარმა სარეკომენდაციო ჯგუფმა შეარჩია. ჯგუფი აერთიანებს თეატრის კრიტიკოსებს, რომლებიც თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საბჭომ დაასახელა.
„თეატრალური ფესტივალი მერიის დაფუძნებულია და პირველივე დღიდან, რა საკვირველია, მაქსიმალურად მხარს ვუჭერთ ამ ღონისძიებას. დღეიდან იწყება ქართული სპექტაკლების პროგრამა, რომელიც პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ აქ ხდება ჩვენი თეატრების წარმოჩენა, მათთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენა და შემდეგ საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა“,-განაცხადა ნინა ხატისკაცმა.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 25 სექტემბერს გაიხსნა და 8 ოქტომბერს დასრულდება. წარმოდგენებს საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების თეატრალური დასები წარმოადგენენ.
ფესტივალის ინიციატორი დედაქალაქის მერიაა. ღონისძიება პროექტის ‘’Check in Georgia” ფარგლებში იმართება.
თეატრალური ფესტივალის სპექტაკლების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
05/10/2016