თეა წულუკიანი იტალიის ელჩს შეხვდა

06/11/2017

იუსტიციის მინისტრი დიპლომატიური კორპუსისათვის უწყების მიერ ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების გაცნობას განაგრძობს. თეა წულუკიანი დღეს იტალიის ელჩ ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა და მას იმ საქმიანობაზე ესაუბრა, რასაც უწყება სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე და გოჩა ლორთქიფანიძე ესწრებოდნენ.
იუსტიციის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო თუ სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით გატარებულ, აგრეთვე, იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ებში განხორციელებულ რეფორმებზე. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მთავრობის წარმატებული ანტიკორუფციული პოლიტიკა და გამჭვირვალე მმართველობისათვის გადადგმული ნაბიჯები გახდა მიზეზი იმისა, რომ წელს საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყნად აირჩიეს. იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საქართველო პირველად ხელმძღვანელობს მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმს, რომელიც 75 ქვეყანას აერთიანებს.
ელჩთან შეხვედრისას საუბარი შეეხო იტალიაში „OGP“-ის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებასაც, რომელსაც 2018 წლის თებერვალში ქ. მილანი უმასპინძლებს. იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მასში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას კახა კალაძე − თბილისის ახალარჩეული მერიც მიიღებს.
ელჩებთან სამუშაო შეხვედრები იუსტიციის მინისტრმა მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს დაიწყო. თეა წულუკიანი ევროკავშირის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, აზიის ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების მეორე პირებს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის ფილიალში შეხვდა და მათ იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმებისა და 11 საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ყველაზე მსხვილი პროექტების პრეზენტაცია წარუდგინა; გასულ კვირას კი თეა წულუკიანი ლიტვისა და ავსტრიის ელჩებს შეხვდა.
თეა წულუკიანი დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრებს და მათთვის იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის გაცნობას მომავალშიც გეგმავს. უკვე ჩანიშნულია შეხვედრები შვედეთის, გერმანიის, ბულგარეთის, სლოვაკეთის, დიდი ბრიტანეთის, ჰოლანდიის, ჩეხეთის ელჩებთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0