თებერვლის თვეში ადგილობრივი ექსპორტის რეკორდული ზრდა არის პირველი ნიშანი, რომ ჩვენ, ვაქცინაციის და კოვიდთან ბრძოლის ფონზე ვიწყებთ ეკონომიკის გაჯანსაღებას

19/03/2021

ნათია თურნავამ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები შეაფასა, რომლის თანახმად, მთლიანი ექსპორტი 2.9%-ით, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, რეკორდული ტემპით – 23.3%-ით გაიზარდა.

„თებერვლის თვეში ადგილობრივი ექსპორტის რეკორდული ზრდა არის პირველი ნიშანი, რომ ჩვენ, ვაქცინაციის და კოვიდთან ბრძოლის ფონზე ვიწყებთ ეკონომიკის გაჯანსაღებას და 2021 წელი ნამდვილად იქნება ეკონომიკის გამოცოცხლების წელი“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, თებერვალში ადგილობრივი ექსპორტის ორნიშნა ზრდა ძირითადად ორი კომპონენტს – სოფლის მეურნეობის პროდუქციას და სამთო-გადამამუშავებელი დარგის პროდუქციას უკავშირდება.

„იწყება ეკონომიკის გამოცოცხლება და როგორც ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, საქართველო იქნება ლიდერი რეგიონში გაჯანსაღების ტემპის მიხედვით“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ცნობისთვის, „საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 2.9 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 270.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ექსპორტის ზრდა ადგილობრივი ექსპორტის ზრდით იყო განპირობებული – 2021 წლის თებერვალში ადგილობრივი ექსპორტი ( რეექსპორტის გარეშე), წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 23.3 პროცენტით გაიზარდა და 202.6 მლნ. აშშ დოლარი – მთლიანი ექსპორტის 75.0 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდისათვის იმპორტი 12.2 პროცენტით შემცირდა და 618.2 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. თებერვალში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი აღემატება როგორც 2020 წლის, ასევე 2019 წლის თებერვლის (პანდემიამდე) მონაცემს. შესაბამისად, სავაჭრო დეფიციტი 93.5 მლნ. აშშ. დოლარით გაუმჯობესდა და 347.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0