თემური თაბუკაშვილმა გოლათუბნის მოსახლეობას გზაზე მიმდინარე სამუშაოების დეტალური აღწერა წარუდგინა

07/07/2017

„დიდხანს არ გვჯეროდა… ძნელი დასაჯერებლია, სანამ ჩვენი თვალით არ დავინახავთ და მობეტონებულ გზაზე არ გავივლით, ალბათ ისევ გაგვიჭირდება დაჯერება… მადლობა ყველას, ვინც სოფელზე ზრუნავს, ამ გზის გაკეთება ჩვენთვის შვება იქნება“ – ამ სიტყვებით შეხვდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელს ნიკოლოზ თოფურიძეს გოლათუბნის მოსახლეობა.
მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ გოლათუბანში ინფრასტრუქტურა მძიმე მდგომარეობაშია. სოფელში, ფაქტობრივად, მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანითაა შესაძლებელი გაადაადგილება, ისიც მარტო სტაბილურ ამინდებში. გოლათუბანში 2014 წლის აღწერით 70 ადამიანი ცხოვრობს. რეგიონული განვითარების ფონდი სოფელ გოლათუბნის ცენტრალური გზის 500 მეტრიანი მონაკვეთის მობეტონებას აფინანსებს (51 000 ლარი, თანამონაწილეობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5%), ხოლო მთის განვითარების საბჭო, დამატებით – 1 500 მეტრს(170 274 ლარი ), რაც საბჭოს წევრის, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის კობა ლურსმანაშვილის დამსახურებაა. გამომდინარე აქედან, მიმდინარე წელს, სოფელში 2.5 მეტრი გზის სრული რეაბილიატაცია მოხდება.
სასოფლო გზების შეკეთებას ითხოვს ფონა-წიფას მოსახლეობაც. აღნიშნული სოფლების ცენტრალურ გზაზე ინტენსიურად გადაადგილდებიან ჩინური კომპანიის მაღალი ტვირთამწეობის ავტომობილები, რაც ინფრასტრუქტურის დაზიანებას იწვევს. ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, ფონაში გზის შეკეთება უკვე დაწყებულია და ყველაზე რთული მონაკვეთების გასწორებითი სამუშაოები დღესაც მიმდინარეობს. გამგებლის ტრადიციულ შეხვედრებს სოფლის მოსახლეობასთან გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, თემური თაბუკაშვილი, გამგებლის წარმომადგენელი წიფის ადმინისტრაციულ ერთეულში მაია გაჩეჩილაძე და დეპუტატი ბესიკ ტალახაძე ესწრებოდნენ.თემური თაბუკაშვილმა გოლათუბნის მოსახლეობას გზაზე მიმდინარე სამუშაოების დეტალური აღწერა წარუდგინა და განმარტა, რომ მშენებელი კომპანია 3მ სიგანისა და 16სმ სისქის ბეტონის საფარს მოაწყობს. მისდამი დაქვემდებარებული სამსახური და გამგეობაში შექმნილი კონტროლის ჯგუფი(თავმჯდომარე არჩილ მაღრაძე) მაქსიმალურად გააკონტროლებენ მიმდინარე სამუშაოებს. თემური თაბუკაშვილმა პირობა მისცა მოსახლეობას, რომ გზა იქნება თანამედროვე სტანდარტის და ხარისხიანი.
წიფა-ფონა-გოლათუბნის მოსახლეობის ძირითადი პრობლემა სოციალური შემწეობის მოხსნა და ხე-ტყეზე მიუწვდომლობაა. როგორც გამგებელმა ადგილობრივ მაცხოვრებლებს განუმარტა, სახელმწიფო ორივე მიმართულებით სრული დატვირთვით მუშაობს და მალე კანონები მოსახლეობის სასარგებლოდ დარეგულირდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0