თითოეულმა მოქალაქემ გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და ჩვენმა სამსახურებმა მოგვცეს

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა ქვეყანაში კორონა ვირუსთან დაკავშირებით გატარებულ ღონისძიებებს და იმ ზომებს, რაც ხელისუფლებამ და შესაბამისმა სამსახურებმა განახორციელეს და განაცხადა, რომ საქართველო ამ ეტაპზე არის ყველაზე წარმატებული ქვეყანა, ვინც ეფექტური, სწრაფი ზომები მიიღო კორონა ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ. პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ყველა შესაბამის სამსახურს, ასევე სამედიცინო პერსონალს, მესაზღვრეებს, საბაჟოს თანამშრომლებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული კორონა ვირუსის წინააღმდეგ ღონისძიებებში. მისივე შეფასებით, პანიკის საფუძველი არ არის და ამის ნაცვლად, მთავარია, მოქალაქეებმა აუცილებელი პირობები დაიცვან. „ვფიქრობ, პანიკის საფუძველი არ არის – რეალურად, პანიკა ხელს უშლის ღონისძიებების ეფექტურად განხორციელებას, ამიტომ, ამის ნაცვლად, საჭიროა, თითოეულმა მოქალაქემ გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და ჩვენმა სამსახურებმა მოგვცეს. აუცილებელი პირობების დაცვა, რომელიც უკავშირდება ყოველდღიურ წესებს – იქნება ეს დეზინფექცია, თვითიზოლაცია თუ კონტაქტების შეზღუდვა და გავრცელების წინააღმდეგ გაცემული რეკომენდაციები, რომელსაც ამირან გამყრელიძე და მისი კოლეგები ყოველდღიურ რეჟიმში აცნობენ საზოგადოებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენი საზოგადოების ხანდაზმულ წევრებს და განსაკუთრებით, გავუფრთხილდეთ იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები. რისკ-ჯგუფები არის იდენტიფიცირებული და ვფიქრობ, ამ ყველა პირობის და რეკომენდაციის დაცვის შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა და მსოფლიოც შეძლებს, რომ ეპიდემიასთან დაკავშირებული გამოწვევები რაც შეიძლება, ნაკლები ზიანით და ნაკლები დანაკარგებით გადალახოს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ კანონპროექტების ელექტრონული პროცედურით განხილვის და ელექტრონული კენჭისყრის შემოღების შესახებ ისაუბრა და კოლეგებს შეახსენა, რომ ერთი წლის წინ, როდესაც პარლამენტი ახალ რეგლამენტზე მუშაობდა, მან კომიტეტის ერთ-ერთ სხდომაზე დააყენა წინადადება პარლამენტისთვის ელექტრონული პროცედურის განხილვის და კენჭისყრის ელექტრონული შესაძლებლობის რეგლამენტში შემოტანასთან დაკავშირებით. მისი თქმით, დღეს არის საფუძველი, რატომაც შეიძლება მომავალში ასეთი ინსტრუმენტი და ასეთი პლატფორმა პარლამენტს დასჭირდეს.

„დღეს მინდა კვლავ დავუბრუნდე ამ საკითხს და მოგმართოთ ყველას, რათა ვიფიქროთ და მოვამზადოთ ინიციატივა პარლამენტისთვის ახალ რეგლამენტში შეტანილი ცვლილების საფუძველზე ისეთი ფუნქციის მინიჭების, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებში პარლამენტს მისცემს შესაძლებლობას კანონპროექტები განიხილოს ელექტრონული პროცედურით და ჩაატაროს ელექტრონული კენჭისყრა გადაწყვეტილების მისაღებად განსაკუთრებულ შემთხვევებში. ვფიქრობ დღეს არის საფუძველი, რატომაც შეიძლება მომავალში ასეთი ინსტრუმენტი და ასეთი პლატფორმა პარლამენტს დასჭირდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ და მიმართა იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტებს, ასევე იურიდიულ დეპარტამენტს, რომ იმსჯელონ ამ ინიციატივის გარშემო ტექნიკურ თუ სამართლებრივ გარემოებებზე, დროულად მოამზადონ და თუ საჭირო იქნება დაჩქარებული წესითაც განიხილონ ეს ინიციატივა.

ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს პლენარული სხდომის დღის წესრიგი გააცნო, რომლის მიხედვითაც დღევანდელ სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში მოუსმენენ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითრების მინისტრს, ვიცე-პრემიერს მაია ცქიტიშვილს და განაცხადა, რომ მინისტრი თავის გამოსვლაში შეეხება ჩვენი ქვეყნის განვითარების ძალიან მნიშვნელოვან სფეროს ინფრასტრუქტურას, რეგიონების განვითარებას, თვითმმართველობის გაძლიერებას. „ჩვენც ამ მიმართულებით ბევრი გავაკეთეთ, თვითმმართველობის კომიტეტმა მოამზადა დეცენტრალიზაციის სტრატეგია, აქტიურად არის პარლამენტი ჩართული ამ პროცესში. ეს უკავშირდება ახალი ეკონომიკური და სოციალური ინფრასტრუქტურის შექმნას ქვეყანაში, უკავშირდება ახალ სამუშაო ადგილებს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაუმჯობესებას და სრულად გამოყენებას, ამიტომ დღეს მნიშვნელოვანი იქნება თქვენი მზადყოფნა და ჩართულობა მინისტრის საათის ფორმატში“, – მიმართა არჩილ თალაკვაძემ კოლეგებს. ბიურომ იმსჯელა დღის წესრიგზე, რომელიც კენჭსაყრელ, განსახილველ და საორგანიზაციო საკითხებს მოიცავს.

Visited 57 times, 1 visit(s) today