თურქეთში დაშავებული ბავშვები ზურაბ პატარაძესთან ერთად სამშობლოში დაბრუნდნენ

17/07/2017

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და მთავრობის წარმომადგენლებმა, თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებული ანსამბლ „ლამპრების“ წევრებთან ერთად გუშინ, გვიან ღამით გადმოკვეთეს საზღვარი. სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან ბავშვებს მშობლები და ახლობლები დახვდნენ. მოზარდები თავს კარგად გრძნობენ. „მინდა ყველა ბავშვის მშობელს მივულოცო. დღეს 25 ბავშვი ჩვენთან ერთად უკვე დაბრუნდა საქართველოში. თურქეთში რჩება დაახლოებით 4 პაციენტი სხვადასხვა საავადმყოფოში. სამართალდამცველები იკვლევენ მიზეზებს. არაერთი ექსპერტიზა ჩატარდა. ჩვენთან ერთად იქ იმყოფებოდა ტრაპიზონის მერი, გუბერნატორი, სხვადასხვა დაწესებულების ხელმძღვანელი. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზებს სამართალდამცველები იკვლევენ და ვფიქრობ, ხვალ უკვე გვექნება მომხდარის სურათი,“ – განაცხადა ზურაბ პატარაძემ. ამ დროისთვის ავტოავარიის შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანი გირესუნის, გორელეს და ტრაპიზონის საავადმყოფოებში რჩება. „ერთ-ერთი ბავშვის დედას ავარიის შედეგად ტრავმული ამპუტაცია განუვითარდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია. მოთავსებულია ტრაბზონის კლინიკაში. ანსამბლის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, რომელსაც ნეკნების მოტეხილობა აქვს, სტაციონარული დაკვირვება დასჭირდება,“ – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ. ავტოავარიის შემთხვევიდან რამდენიმე საათში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან და აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში გაემგზავრა და დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოში პირადად მოინახულა. ზურაბ პატარაძე ტრაპიზონში გვიან ღამემდე დარჩა და ორგანიზება გაუწია 25 ბავშვის სამშობლოში დაბრუნებას. ავტოსაგზაო შემთხევა გუშინ, 16 ივლისს, ტრაპიზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. გასტროლებზე ბულგარეთში მიმავალი ავტობუსი, რომელშიც 38 ადამიანი იმყოფებოდა, გზიდან გადავიდა და ამობრუნდა. ცეკვის ანსამბლი გასტროლებზე ბულგარეთში მიდიოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0