თურქეთში ქალაქ ინეგოლის კავკასიის ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციასთან არსებული ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა

12/07/2017

თურქეთში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მირიან ხოსიტაშვილმა და ქ. ინეგოლის კავკასიის ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის ხელმძღვანელმა ომერ ფარუქ დემირთაშმა, ქ. ინეგოლის კავკასიის ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციასთან არსებული ქართული ბიბლიოთეკა გახსნეს.

ქ. ანკარაში საქართველოს საელჩომ ბიბლიოთეკას გადასცა წიგნი საქართველოს შესახებ, რის შემდეგაც საელჩოს წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, რომელშიც ხაზი გაესვა ორი ქვეყნის აქტიური კულტურული თანამშრომლობის მნიშვნელობას, ამ კუთხით სამომავლო პერსპექტივებს.

ბიბლიოთეკა გაიხსნა ქ. ინეგოლსა და სოფ. სულჰიეში ქ. ინეგოლის კავკასიის ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის ორგანიზებით გამართული ფოლკლორის მე-14 საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში. ფესტივალში აღნიშნულ ასოციაციასთან არსებულ ქართული ცეკვის ანსამბლთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ქ. თბილისის ცეკვის ანსამბლმა „არმაზი“ და ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,ხიხანი“.

ღონისძიებაზე, ხაზგასმით აღინიშნა თურქეთში საქართველოს საელჩოს მიერ შეტანილი წვლილი ქ. ინეგოლის „კავკასიის ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციისა“ და საქარიის მხარის ქ. დუზჯეს უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების საქმიანობაში. ამისათვის ქ. ინეგოლის „კავკასიის ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციისა“ ხელმძღვანელმა ომერ ფარუქ დემირთაშმა და ქ. დუზჯეს უნივერსიტეტის რექტორატმა საქართველოს ელჩს დიდი მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

ღონისძიებებს ესწრებოდნენ თურქეთის ადგილობრივი ხელისუფლების, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, ხელოვნების სასახლის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თურქეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ქართველი ჟურნალისტები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0