თუ ქვეყანაში არ იქნება სამართლიანი არჩევნები, არ იქნება მშვიდობა

08/05/2019

ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ, არჩევნებთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციები შეასრულოს. აღნიშნული განცხადება პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს, ბოლო პერიოდში როგორც ამერიკიდან ასევე, ევროპიდან რამდენიმე მაღალი დონის დელეგაცია ეწვია და ამ ვიზიტების მთავარი თემა იყო საქართველოში ჩასატარებელი მომავალი არჩევნები.

„ამ ვიზიტების მთავარი თემა იყო საქართველოს პოლიტიკური მომავალი და კერძოდ, არჩევნების მომავალი ჩვენს სახელმწიფოში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და ევროსაბჭომ ერთობლივად წარუდგინოს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას კონკრეტული რეკომენდაციების სია, რომლის განხორციელებაც უნდა დაიწყოს უახლოეს კვირებში, უახლოეს დღეებში იმისთვის, რომ საქართველოში შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩაითვალოს სამართლიან და დემოკრატიულ – შესაბამისად, ლეგიტიმურ არჩევნებად. დიპლომატიის ენაზე ეს გზავნილი ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველოს სურს იყოს ევროპული სახელმწიფო, თუ საქართველოს სურს იყოს ტრანსატლანტიკური სივრცის ნაწილი, თქვენ უნდა ჩაატაროთ დემოკრატიული არჩევნები. ჩვენ გეუბნებით თქვენ რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ არჩევნები თქვენს ქვეყანაში ჩაითვალოს დემოკრატიულად“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა განმარტა, რეკომენდაციების მიხედვით, ყველანაირი ცვლილებები, რომელიც უკავშირდება საარჩევნო გარემოს, უნდა იყოს პოლიტიკური კონსენსუსის გზით მიღებული. მისივე თქმით, მეორე ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი ასევე, შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირებას.

„თუ ქვეყანაში არ იქნება სამართლიანი არჩევნები, არ იქნება მშვიდობა. ჩვენი მეგობრები, ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან თუ როგორ ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები, როგორ შევინარჩუნოთ ქვეყანაში სტაბილურობა, დემოკრატია და მშვიდი განვითარების მომავალი ჩვენი სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0