ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი ეკონომიკური დიპლომატიის გაძლიერების მიზნით „ამბასადორიალი 2017-ის“ ფარგლებში გამართულ ეკონომიკური დიპლომატიის კონფერენციას დაესწრო.
,,დღესდღეობით ენერგეტიკული უსაფრთხოება არა კონკრეტული დარგის, არამედ ეროვნული უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილად იქცა და მისი უზრუნველყოფა სახელმწიფოებისა და ერების განვითარების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.
მოთხოვნა ენერგეტიკულ რესურსებზე დღითიდღე იზრდება, იხვეწება ტექნოლოგიები, ენერგიის მიღება ხელსაყრელი გახდა უკვე განახლებადი ენერგეტიკული წყაროებიდან.
ენერგიის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება, უკრაინა-რუსეთის კრიზისი, ენერგიის წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიცირების საჭიროება, ასევე, ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა, ირანის გამოსვლა საერთაშორისო ასპარეზზე, დასავლური ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაცია და კლიმატური ცვლილებების შერბილების საერთაშორისო დღის წესრიგი ქმნის დღეს ენერგეტიკის გეოპოლიტიკას, სადაც საქართველომ თავისი ნიშა უნდა იპოვოს და უზრუნველყოს თავისი ენერგეტიკული უსაფრთხოება და მდგრადი ეკონომიკური განვითარება.
აღმოსავლეთ და დასავლეთ სამყაროების გზაგასაყარზე საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა წარმოადგენს მნიშვნელოვან უპირატესობას, რომელიც ერთის მხრივ განვითარების შესაძლებლობას უქმნის ქვეყანას, მაგრამ მეორეს მხრივ, რეგიონში არსებული დაძაბული ურთიერთობები და გაყინული კონფლიქტები გარკვეულწილად აფერხებს აღნიშნული შესაძლებლობის სრულმასშტაბიან გამოყენებას“-განაცხადა ილია ელოშვილმა.