იმერეთის რეგიონში ახალი სასათბურე მეურნეობა ამოქმედდა

08/12/2018

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერში ახალი სასათბურე მეურნეობა ამოქმედდა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა „სპარტაკი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. სასათბურე მეურნეობაში ჯამურად 780,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 312,000 ლარი გრანტია. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს საგრანტო მენეჯერმა თორნიკე კაპანაძემ, იმერეთის გუბერნატორთან შავლეგო ტაბატაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სასათბურე მეურნეობა გახსნა. სასათბურე მეურნეობაში წელიწადში 115 ტონა ბოსტნეულს აწარმოებენ. პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე, დასაქმებულია 22 ადამიანი. პროექტი განხორციელდა „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის“ (AMMAR) მხარდაჭერით. პროგრამას სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდი (GEF) აფინანსებს. პროგრამით გათვალისწინებული სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 40%-ს, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა 60% -ია. პროექტის დაწყებიდან დღემდე დაფინანსება 363 ბენეფიციარმა მიიღო, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების ოდენობამ 6,903,146 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0