ირაკლი კობახიძემ ევროკავშირი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის საბჭოსთან პირველი შეხვედრა გამართა

05/07/2017

ირაკლი კობახიძემ, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ევროკავშირი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის საბჭოსთან პირველი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ევროკავშირი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობის, საქართველოში მიმდინარე პროცესებისა და დემოკრატიული რეფორმების შესახებ ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო საკონსტიტუციო რეფორმას.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ განაცხადა, მეგობრობის ჯგუფის პლატფორმა აქტიურად იქნება გამოყენებული.
„ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა მეგობრობის ჯგუფის აღმასრულებელ საბჭოსთან. ვისაუბრეთ, თუ როგორ გავაგრძელებთ მუშაობას და თანამშრომლობას. ეს იქნება ძალიან აქტიური ფორმატი, რომელსაც გამოვიყენებთ იმისთვის, რომ საქართველო გავხადოთ უფრო კარგად ნაცნობი ევროპელი პარლამენტარებისთვის.
ევროპელი პარლამენტარების ჯგუფი უკვე ძალიან აქტიურად მუშაობს საქართველოსთან, მაგრამ აქ არიან ის პარლამენტარებიც, რომლებსაც პირდაპირი შეხება საქართველოსთან არ ჰქონიათ და ჩვენი ქვეყნის ბოლო მიღწევების, რეფორმების შესახებ არ არიან ინფორმირებული. ჩვენ გამოვიყენებთ ამ პლატფორმას იმისთვის, რომ,რაც შეიძლება, მეტი ევროპარლამენტარი ჩავრთოთ უშუალოდ საქართველოსთან ურთიერთობის საკითხებში“,- განაცხადა თამარ ხულორდავამ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი, ასევე, საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და საკონსტიტუციო რეფორმას შეეხო.
„ვისაუბრეთ იმაზეც, თუ რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში და ერთ-ერთი თემა, რომელიც განვიხილეთ, იყო საკონსტიტუციო რეფორმა.
დაინტერესდნენ საკონსტიტუციო პროცესთან დაკავშირებით ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით, იმიტომ, რომ ევროპარლამენტში ჩვენი კოლეგები, აღმასრულებელი საბჭოს წევრები აქამდეც აქტიურად იყვნენ ჩართულნი საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების პროცესში. მივაწოდეთ ბოლო ინფორმაცია, ვისაუბრეთ იმ პაკეტზე, რომელიც უკვე ორი მოსმენით მიიღო საქართველოს პარლამენტმა, ასევე, ვისაუბრეთ ვენეციის კომისიის შეფასებებთან დაკავშირებითაც“,- განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0