ირაკლი კობახიძე გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის დელეგაციას შეხვდა

12/06/2017

🔊 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფი გერმანია/სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის დელეგაცია მიიღო, რომელსაც ბუნდესტაგის წევრი კარინ შტრენცი ხელმძღვანელობს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ბუნდესტაგის წევრებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში გერმანიის მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს აღინიშნება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავი, რამაც დამატებით სტიმულს სძენს არსებული მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარებას.
ბუნდესტაგის წევრები საქართველოში მიმდინარე რეფორმებით დაინტერესდნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ მათ საკონსტიტუციო, სოციალურ-ეკონომიკური, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო.
შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაა, რასაც ნათლად ადასტურებს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“. აგრეთვე, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს არის საქართველოს მოსახლეობის ისტორიული არჩევანი და რომ ამ კურსს მხარს უჭერს ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა. აქვე, პარლამენტის თავმჯდომარემ გერმანელ სტუმრებს საქართველოსთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
გარდა ამისა, საუბრის ერთ-ერთი თემა იყო საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0