ირაკლი კობახიძე და თამარ ჩუგოშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტსა და მდივანს შეხვდნენ

16/06/2017

ირაკლი კობახიძე და თამარ ჩუგოშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტსა და მდივანს შეხვდნენ. „ვფიქრობ, რომ ერთობლივად, ჩვენ მივალთ საუკეთესო გადაწყვეტილებამდე საქართველოს მომავლისთვის“,- ამის შესახებ ვენეციის კომისიის მდივანმა, თომას მარკერტმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, თამარ ჩუგოშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ვისაუბრეთ კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ საქართველოს ხელისუფლებასთან უკვე გარკვეული პერიოდია, გვაქვს კონტაქტი. ჩვენ ერთად ვიმუშავეთ და ვფიქრობ, რომ ერთობლივად, მივალთ საუკეთესო გადაწყვეტილებამდე საქართველოს მომავლისთვის“,- განაცხადა თომას მარკერტმა. მისივე შეფასებით, გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით ზედა ზღვარის დაწესება, პოზიტიური ნაბიჯია. ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან და თომას მარკერტთან გამართული შეხვედრის შესახებ ისაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა. „გვქონდა შესაძლებლობა, შეხვედრაზე განგვეხილა თითოეული ის ცვლილება, რომლის შეტანასაც ვაპირებთ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ვენეციის კომისიის დასკვნის შესაბამისად. განსაკუთრებით დეტალურად განვიხილეთ საარჩევნო სისტემის ნაწილი. ბატონი თომას მარკერტის, ასევე, ბატონი ჯანი ბუკიკიოს მხრიდან ითქვა, რომ ეს ვერსია და ისევე, როგორც სხვა ცვლილებები, რომელსაც ჩვენ შევიტანთ დოკუმენტში – სრულად შეესაბამება მათ რეკომენდაციას.დარწმუნებული ვარ, მოგვიანებით ამას წერილობით დაადასტურებს ვენეციის კომისია“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0