ირაკლი კობახიძე ევროკავშირი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის დაარსებისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო

05/07/2017

„გვწამს, რომ ევროკავშირი-საქართველოს მეგობრობის ჯუფი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეასთან და საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტთან ერთად, საერთაშორისო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით უფრო ეფექტური დიალოგის შეთავაზებით გააძლიერებს ჩვენს საპარლამენტო დიპლომატიას“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სტრასბურგში, ევროკავშირი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის დაარსებისადმი მიძღვნილ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ განსაკუთრებული მადლობა მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს – მიქაელ გალას და კლერ მუდის გადაუხადა.
სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა, საერთო ღირებულებებსა და პრინციპებზე დაფუძნებულ, ასევე, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ყოვლისმომცველი ორმხრივი თანამშრომლობით გამყარებულ მტკიცე პარტნიორობაში გადაიზარდა. „მჯერა, რომ არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა ჩვენი ურთიერთობის კიდევ უფრო განმტკიცებისთვის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, საქართველო აფასებს, რომ ევროპარლამენტი მისი ევროპული მისწრაფებების ერთგული მხარდამჭერია. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა ევროპარლამენტის წვლილი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხში.
„ეს ისტორიული შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქეების დაახლოებას და ჩვენი საერთო ღირებულებების განმტკიცებას შეუწყობს ხელს. ვიმედოვნებთ, რომ ევროპარლამენტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ნოემბერში, აღმოსავლეთ პარტნორობის სამიტის მომზადების პროცესში და ხელს შეუწყობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მკაფიოდ დააფიქსირონ დეკლარაციაში საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ მისწრაფება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, საქართველოში ფართო კონსენსუსია.
„ჩემს ქვეყანაში არის ფართო კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპული ინტეგრაცია არა მხოლოდ საუკეთესო, არამედ ერთადერთი საგარეო პოლიტიკის მიზანია, რომელიც სრულად შეესაბამება ჩვენს ღირებულებებს, არჩევანს და დემოკრატიისკენ, მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ სწრაფვას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ინსტიტუციური, ლიბერალური დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის საქართველო დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას გააგრძელებს.
„საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და განვითარდა როგორც ახალგაზრდა და ძლიერი დემოკრატია, არა მხოლოდ ჩვენი ძალისხმევით, არამედ ევროკავშირში ჩვენი მეგობრების მნიშვნელოვანი მხარდაჭერით. მინდა, გამოვიყენო შესაძლებლობა, მადლობა გადაგიხადოთ და იმედი გამოვთქვა, რომ ეს მხარდაჭერა გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ამბიციური ვალდებულებების დროულ და ეფექტურ შესრულებაში.
„საქართველოს პარლამენტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ამბიციური ვალდებულებების დროულ და ეფექტურ შესრულებაში როგორც საკანონმდებლო დაახლოების, ასევე მკაცრი საპარლამენტო ზედამხედველობის უზრუნველყოფის სახით. დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფი წარმატებული იქნება ჩვენი საკანონმდებლო ორგანოების კიდევ უფრო დაახლოებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის მეგობრული დიალოგის გაძლიერების საქმეში. ასევე, მწამს, რომ მეგობრობის ჯგუფი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ისტორიულ ადგილზე – ევროპულ ოჯახში დაბრუნების საქმეში“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
დღესვე, ევროპარლამენტის წევრებმა ევროკავშირი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის მანიფესტს მოაწერეს ხელი.
მანისფესტში საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ არის დადასტურებული. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროპულ ოჯახში დაბრუნება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია.
„ევროპარლამენტის ევროკავშირი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფი სრულ მზადყოფნას გამოხატავს გაუწიოს მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას გზას უხსნის“, – ნათქვამია მანიფესტში.
ევროკავშირი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის დაარსებისადმი მიძღვნილ მიღებას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციისა და მეგობრობის ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0