ირაკლი კობახიძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

09/11/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ტადაჰარუ უეჰარასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და იაპონიას დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული ღირებულებები აერთიანებს, რაც ქვეყნებს ერთმანეთთან კიდევ უფრო აახლოებს.
მხარეებმა ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობა.
შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საკონსტიტუციო რეფორმაზე, რომლის ძირითადი არსისა და შინაარსის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იაპონიის ახლადდანიშნულ ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
საუბარი, ასევე, კულტურისა და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საჭიროებას შეეხო.
მხარეებმა ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების, ამ მხრივ არსებული გამოწვევებისა და გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფაში საქართველოს კონტრიბუციაზეც. განიხილეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებიც. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველო, რომელიც დასავლური ინტეგრაციისკენ ისწრაფვის, პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს რუსეთის ფედერაციასთან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იაპონიის ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0