ირაკლი კობახიძე ინდონეზიის წარმომადგენელთა პალატის ვიცე-სპიკერს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფი, ინდონეზიის წარმომადგენელთა პალატის ვიცე-სპიკერი, ფადლი ზონი მიიღო. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, განათლებისა და კულტურის სფეროებში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველომ სწორედ ინდონეზიის რესპუბლიკაში გახსნა. ფადლი ზონის განცხადებით კი, საქართველოში მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნის საკითხს განიხილავს ინდონეზიაც. ინდონეზიის წარმომადგენელთა პალატის ვიცე-სპიკერმა საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 136-ე ასამბლეის ფარგლებში, ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყვიტა სტუმრებოდა საქართველოს და მჭიდრო კონტაქტები დაემყარებინა საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებთან. ამ კონტექსტში აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტსა და ინდონეზიის რესპუბლიკის წარმომადგენლობით პალატაში მეგობრობის ჯგუფების ჩამოყალიბება იგეგმება, რაც ხელს შეუწყობს საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირების გაძლიერებას. ვიცე-სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ირაკლი კობახიძემ მას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

Visited 134 times, 1 visit(s) today