ირაკლი კობახიძე ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

15/05/2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებს: ბაიბა ბრაჟეს, მარგუს ცაჰკნას, თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირს და გაბრიელიუს ლანდსბერგისს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს. აღინიშნა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით და ხაზი გაესვა ამ გზაზე საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის როლს. პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველო ლიდერია კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველა მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებები თუ ეკონომიკური განვითარების ტემპი, რასაც ევროკავშირმა შესაბამისი ნაბიჯებით უნდა უპასუხოს. შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოთქვეს კრიტიკული შეხედულებები როგორც გამჭვირვალობის შესახებ კანონის, ისე ლგბტ-პროპაგანდის შეზღუდვის შესახებ კანონის თაობაზე. მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიზნად ისახავს სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებას და ითვალისწინებს ერთადერთ რამეს – შესაბამისი ორგანიზაციების ფინანსების ყოველწლიურ დეკლარირებას. შესაბამისად, აღნიშნული კანონი შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს ევროკავშირის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნის შესრულებაში – საქართველოში პოლარიზაციის შემცირებაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0