ირაკლი კობახიძე ფრიდრიხ ებერტის ფონდის დელეგაციას შეხვდა

12/06/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ შეხვედრა ფრიდრიხ ებერტის ფონდის დელეგაციასთან გამართა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ურთიერთობა ყველა მიმართულებით აქტიურად ვითარდება.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გერმანიის მხარდაჭერა საქართველოსთვის, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურუქტრებში ინტეგრაციისკენ ისწრაფვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ირაკლი კობახიძის თქმით, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოღვაწეობა საქართველოში არის წარმატებული და ფონდთან თანამშრომლობით განხორციელებულ პროექტებს განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ საქართველოს დემოკრატიული განვითარების საქმეში.
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო აქტიურად აგრძელებს დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას. პარლამენტის თავმჯდომარემ ფრიდრიხ ებერტის ფონდის დელეგაციას საკონსტიტუციო რეფორმა გააცნო და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილების მიზანი ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაა.
საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყნის უმთავრესი საგარეო პრიორიტეტი ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისკენ სწრაფვაა, რასაც ადასტურებს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია „საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ”.
ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენელთა განცხადებით, გერმანია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და აფასებს საქართველოს გამორჩეულ წვლილს ავღანეთის სამშვიდობო მისიებში. მათივე თქმით, საქართველო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საიმედო პარტნიორია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0