იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის საკითხებსა და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების მეთოდებზე იმსჯელა

22/07/2017

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) რეგიონული პროექტის „პარლამენტის აპარატის გაძლიერება საქართველოსა და სომხეთში“ ფარგლებში, 21-23 ივლისს, ბათუმში საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებისა და აპარატის წარმომადგენლებისთვის სამდღიანი ღონისძიება იმართება.
შეხვედრა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ და GIZ-ის პროექტის „პარლამენტის აპარატის გაძლიერება საქართველოსა და სომხეთში“ მენეჯერმა, თამარ ზოდელავამ გახსნეს.
დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა და აპარატის წარმომადგენლებმა ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის საკითხებსა და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების მეთოდებზე იმსჯელეს.
კერძოდ, დისკუსია გაიმართა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა (AA) და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმების ძირითადი დებულებებზე, ასევე, DCFTA-ის როლზე საქართველოს ევროპული ასოცირების პროცესში.
შეხვედრაზე განხილული იყო: ევროკავშირის სამართლის წყაროები (დირექტივა, რეგულაცია, გადაწყვეტილება) და მათი საქართველოს კანონმდებლობაში ინტეგრირების ასპექტები; საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი გადაწყვეტილებების (ასოცირების საბჭოს, ასოცორების კომიტეტის, ქვე-კომიტეტების) და საქართველოს რიგი ნორმატიული აქტების გამოყენების საკითხები სამართლებრივი დაახლოების პროცესში; კანონპროექტზე მუშაობის პროცესში სამართლებრივი დაახლოების შეფასების კომპონენტები და სხვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0