იუსტიციის მინისტრი ლატვიის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იუსტიციის მინისტრმა ლატვიის ელჩი მიიღო. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თეა წულუკიანმა და ინგრიდა ლევრენცემ ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე იუსტიციის მინისტრის მოადგილეები მიხეილ სარჯველაძე და გიორგი პატარიძე. თეა წულუკიანმა ლატვიელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა ლატვიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და ევროინტეგრაციის პროცესში დახმარებისათვის. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ლატვიის ელჩს ქვეყანაში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მიმდინარე რეფორმები გააცნო. იუსტიციის მინისტრის საუბრის ძირითადი თემები იყო: ქართული კანონმდებლობის დაახლოების პროცესი ევროპული ქვეყნების სამართალთან; სტამბოლის კონვენციის რატიფიკაცია და ეფექტური ბრძოლა ოჯახში ძალადობასთან; პირადობის დამადასტურებელი უსაფრთხო დოკუმენტები; სასამართლო რეფორმების უკვე განხორციელებული სამი ტალღა და დაგეგმილი რეფორმა კომერციული პალატების შემოტანის მიზნით; ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობის განმტკიცების, ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობის პროცესი; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ღია მმართველობის სფეროში გატარებული რეფორმები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბავშვთა უფლებებს, მათ შორის, სისხლის სამართლის პროცესსა და სასჯელაღსრულების სისტემაში.
ინგრიდა ლევრენცე ლატვიის ელჩად საქართველოში მიმდინარე წლის ზაფხულში დაინიშნა. სხვადასხვა დროს ის დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა ვიეტნამში, მონღოლეთში, ჩინეთში, რუსეთში, რუსეთსა და ევროკავშირში ლატვიის მუდმივ წარმომადგენლობაში.

Visited 128 times, 1 visit(s) today