იყო გარკვეული კონსულტაციები და ცივილიზებულად მივიღეთ გადაწყვეტილება

12/07/2016

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი პაატა ზაქარეიშვილის და თინა ხიდაშელის შემცვლელებს ამ დროისთვის არ ასახელებს. როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა , ”ყველაფერს თავისი დრო აქვს”. რაც შეეხება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის და თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის გადადგომის პროცედურის დასრულებას, კვირიკაშვილის თქმით, ეს უახლოეს დღეებში მოხდება.

”გადაწყვეტილება მიღებულია, რომ პარტია გავიდეს დამოუკიდებლად არჩევნებზე. შესაბამისად, იყო გარკვეული კონსულტაციები და ცივილიზებულად მივიღეთ გადაწყვეტილება. თავდაცვის მინისტრს აქვს ვიზიტი აშშ-ში, რომელიც ჩასატარებელია. დღეს არ ვღებულობთ ამ გადაწყვეტილებას, ველოდებით ვიზიტის დასრულებას. რაც შეეხება პაატა ზაქარეიშვილს, ამ დღეებში დასრულდება აბსოლუტურად ცივილიზებულად ყველა პროცედურა”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება გიგლა აგულაშვილს, კვირიკაშვილი მოხარულია, რომ გარემოს დაცვის მინისტრმა თანამდებობაზე დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.

”ჩვენ გვქონდა საუბარი სამომავლო გეგმებზე. კონკრეტულად მისი სამინისტროს მიმართულებით გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმები. მოხარული ვარ, რომ გიგლამ მიიღო ეს გადაწყვეტილება. გიგლა არის ძალიან კარგი მინისტრი და ჩემთვის სასიამოვნოა მასთან ერთ გუნდში მუშაობა”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0