25 ნოემბერს, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში, პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა” ფარგლებში, გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „კავკასიის გავლით”. პროექტი „თანამედროვე ხელოვნების გალერეა“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით ხორციელდება. გამოფენა „კავკასიის გავლით“ აერთიანებს ხუთი მხატვრის ნამუშევრებს კავკასიის ქვეყნებიდან: დაღესტანი – ტაუს მახაჩევა, ჩეჩნეთი – ასლან გაისუმოვი, სომხეთი – ვაჰრამ აღასიანი, აზერბაიჯანი – ალი ჰასანოვი და საქართველო – ვაჟიკო ჩაჩხიანი. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ობიექტები და ვიდეოინსტალაციები, რომლებშიც საბჭოთა ეპოქის კვალი იგრძნობა. კავკასიის ქვეყნების ხელოვანები ერთგვარი ირონიით გამოხატავენ თანამედროვე მდგომარეობას, როგორც სიბნელიდან გამოსულ, უცნობი მომავლის მოლოდინში არსებულ ცხოვრებას. გამოფენა 25 ნოემბერს გაიხსნა და 12 დეკემბრამდე გაგრძელდება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი ,,თანამედროვე ხელოვნების გალერეა”, მიზნად ისახავს საქართველოში თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერასა და განვითარებას, ხელს უწყობს თანამედროვე ქართული ხელოვნების, როგორც ადგილობრივ და რეგიონალურ, ასევე, საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას.