კაიაკინგის ევროპის ჩემპიონატი „Bzhuzha Race“ დასრულდა

06/05/2018

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, ექსტრემალური კაიაკინგის ევროპის ჩემპიონატი„Bzhuzha Race“ დასრულდა. ექსტრემალურ შეჯიბრში მონაწილეობდნენ ევროპის 9 ქვეყნის 100-მდე საუკეთესო კაიაკერი, ისეთი ძლიერი გუნდებიდან, როგორიცაა: Adidas Outdoor, ExoKayak, Red Bull International, S2S Pro Team და ZetKayaks. ჩემპიონატში წელს პირველად ქართველებიც ასპარეზობენ.სპორტსმენები სამი დღის განმავლობაში მდინარე ბჟუჟზე ნავებით დაშვებას ახორციელებდნენ. შეჯიბრის დასრულების შემდეგ გამარჯვებული კაიაკერები გამოვლინდნენ. პირველ ადგილზე მამაკაცებს შორის, ავსტრიიდან ანდი ბრუნერი, ხოლო ქალებს შორის ჩეხეთიდან ბეტი ბრაბკოვა გავიდა. საპრიზო ადგილებზე გასულ ჩემპიონატის მონაწილეებს, საჩუქრები გადასცეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ტურიზმისა და სპორტის განვითარების სამსახურის წარმომადგენლებმა. ექსტრემალური კაიაკინგის საერთაშორისო ჩემპიონატი „Bzhuzha Race“გურიაში 2016 წლიდან იმართება და წელს ოფიციალურად გახდა ექსტრემალური კაიაკინგის ევროპის ჩემპიონატის (EKEC) წევრი. EKEC მოიცავს 5 ჩემპიონატს, რომელსაც საქართველოს გარდა ევროპის 4 ქვეყანა უმასპინძლებს: საფრანგეთი, იტალია, ნორვეგია და ჩეხეთი. ღონისძიების ფარგლებში ასევე ჩატარდა ექსტრემალური შეჯიბრი ოფროუდში, რომელშიც ჩაერთნენ გურიის ოფროუდ ფედარაციისა და აჭარის ოფროუდ კლუბის წევრები. ბჟუჟის ხეობაში ღონისძიების ბოლოს ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი გაიმართა. “Bzhuzha Race”, საქართველოს კაიაკინგის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, გურიის სამხარეო ადმინისტრაციის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ადგილობრივი და უცხოელი სპონსორების მხარდაჭერით ჩატარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0