კანონის ვადის გაგრძელება საშუალებას მისცემს მთავრობას, რომ კრიზისი მართოს ეფექტურად და შესაძლო რისკები ააცილოს ქვეყანას და საზოგადოებას

15/12/2020

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, კომიტეტი ახდენს ინიცირებას კანონპროექტისა, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონის მოქმედების დრო ექვსი თვით გახანგრძლივდება.

„კანონის ვადის გაგრძელება არ ნიშნავს პირდაპირ, რომ შეზღუდვები გაგრძელდება და ის აუცილებლად გამკაცრდება. კანონის ვადის გაგრძელება აძლევს საშუალებას მთავრობას, რომ ეს კრიზისი მართოს ეფექტურად და შესაძლო რისკები ააცილოს ქვეყანას და საზოგადოებას“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, საქართველოს, ისევე როგორც მთელს მსოფლიოს, ჯერ კიდევ პანდემიის რეჟიმში უწევს ცხოვრება და ამ გამოწვევას პრაქტიკულად ვერცერთმა ქვეყანამ ზიანის გარეშე თავი ვერ გაართვა.

„რომ არა საკოორდინაციო საბჭოს ეფექტური მუშაობა, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ზიანი საქართველოშიც გაცილებით დიდი იქნებოდა. მიუხედავად ჩვენს მიერ პროგნოზირებადი მეორე ტალღის პიკური ეტაპისა, ბოლო დღეებში შეინიშნება შედარებით პოზიტიური ტენდენცია, რაც უდავოდ მთავრობის მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა და საზოგადოების დამყოლობამ განაპირობა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

იგი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, რომ მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ დაწესებულ შეზღუდვებს, რათა ერთი მხრივ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და, მეორე მხრივ, დავეხმაროთ ექიმებსა და, ზოგადად, მედპერსონალს, რომ ზედმეტი სირთულეების გარეშე დაიცვან მოქალაქეების ჯანმრთელობა, რისი კეთებაც მათ ზოგჯერ საკუთარი სიცოცხლის ფასად უწევთ. კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, ბოლო პეროიდის ეპიდტენდენცია ადასტურებს იმას, რომ სახელმწიფოს ჩარევა და გარკვეული შეზღუდვების დაწესება დროული და რელევანტური იყო. ხოლო ქმედითი ნაბიჯების გადადგმის საშუალება ხელისუფლებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონმა მისცა, რომლის მოქმედების ვადა, იანვრამდე განისაზღვრა. მისი თქმით, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ პროცესის მართვა გაჭირდება, რისთვისაც აუცილებელი გახდა კანონში ცვლილების შეტანა და მისი მოქმედების დროის ექვსი თვით გახანგრძლივება.

„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ეს ქვეყნისა და საზოგადოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს ეხება კანონს, რომელიც მთავრობას აძლევს პანდემიის პირობებში კრიზისის ეფექტურად მართვის შესაძლებლობას. სწორედ ამ კანონმა მისცა სახელმწიფოს საშუალება, კიდევ უფრო დიდი, შესაძლო ზიანი თავიდან აეცილებინა. იმედი გვაქვს, რომ შემდგომში ამ კანონის მოქმედების ვადის გახანგძლივება აღარ მოგვიწევს, რადგან ექვსი თვე არის ის გონივრული დრო, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება.
ამავდროულად კი, წერტილოვანი შეზღუდვებით, დაინფიცირების შემთხვევების მინიმიზაციას შევძლებთ და შევაჩერებთ ვირუსის გავრცელების მზარდ ნეგატიურ ტენდენციას. სახელმწიფო მოსახლეობის გვერდით დგას და ამ მძიმე ვითარებაში, ყველაფერს აკეთებს, რათა პანდემიით შექმნილ ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკებთან ერთად, ეკონომიკური რისკებიც მინიმუმამდე შეამციროს, რომ ქვეყანა რაც შეიძლება სწარაფად დაუბრუნდეს განვითარების ჩვეულ რიტმს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0