კანონპროექტი ხელს შეუწყობს როგორც სამუშაოს მაძიებლების დასაქმებას, ასევე ბიზნესს, რომ დასაქმებული ჰყავდეს კვალიფიციური კადრები

19/06/2020

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვთმმართველობის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ კანონპროექტი თანდართულ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად განიხილეს.

„დასაქმება ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავია. განსაკუთრებით Covid19-მა გვაჩვენა, რომ უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი. თუ მანამდე დასაქმება იყო ხელისუფლების პრიორიტეტი, დღეს გაცილებით პრიორიტეტული გახდა იგი იმ კუთხით, რომ სახელმწიფომ დაეხმაროს როგორც ბიზნესს, რომ ჰყავდეს კვალიფიციური მუშა ხელი, ასევე სამუშაოს მაძიებლებს, რომ დასაქმდნენ და ჰქონდეთ ღირსეული ანაზღაურება და საკუთარი შრომით არჩინონ ოჯახები. ეს დიდი გამოწვევაა არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მსოფლიოში უამრავი ქვეყნისთვის, მით უმეტეს, პანდემიის პირობებში ეს უფრო მკვეთრად გამოიხატა“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ.

როგორც სოფო კილაძემ განმარტა, საკანონმდებო ცვლილებები ეფუძნება დასაქმების ხელშეწყობის საპილოტე პროექტს, რომელიც 2019 წლის სექტემბრიდან წარმატებით ფუნქციონირებს ნაძალადევის N17 სამაჟორიტარო ოლქში მაჟორიტარის ბიუროს მიერ და რომელიც განხორციელდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის ხელშეწყობით.

„საპილოტე პროექტი, თავის მხრივ, ეფუძნება კვლევას, რომელიც ჩატარდა გერმანული და ავსტრიული გამოცდილებისა და ქართული სპეციფიკის გათვალისწინებით. საპილოტე პროექტის შედეგების გათვალისწინებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დასაქმების აქტიური პოლიტიკა საქართველოს მაგალითზეც შეიძლება იყოს წარმატებული“,- აღნიშნა სოფო კილაძემ.

კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ზოგადი განათლების საფეხურზე, შესაბამისი ეფექტიანი მექანიზმის შექმნით, იზრუნებს პროფესიის არჩევისა და კარიერის სწორად დაგეგმვის უნარების განვითარებაზე და შესთავაზებს მოსწავლეებს, როგორც პროფესიული კონსულტირების, ისე კარიერის დაგეგმვის სერვისს.
კანონპროქტის კონცეფტუალური სიახლეებია: დასაქმების ხელშეწყობის აქტიური და სისტემური პოლიტიკის წარმოება; იმგვარი დასაქმების ხელშემწყობი სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს; ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისი განათლების მქონე ადამიანურ რესურს; უმუშევარ პირთა მოტივაციის ამაღლება გახდეს დასაქმებული, მათი პროფესიული კვალიფიკაციის გაუმჯობესებასა და გააქტიურებაზე ზრუნვა. დასაქმების სახელმწიფო სერვისების მიღება ერთი ფანჯრის პრინციპით. სამუშაოს მაძიებლისთვის მისი კვალიფიკაციიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე მისი შანსების შეფასება და მისთვის შესაბამისი ალტერნატივების შეთავაზება როგორიცაა: შესაბამისი სამუშაო ადგილი; პროფესიული სასწავლებელი და შემდეგ შესაბამისი სამუშაო ადგილი; ანაზღაურებადი სტაჟირება და შრომის ანაზღაურების სუბსიდირება; ბიზნესის წამოწყების ყველა არსებული სახელმწიფო პროგრამა; საზღვარგარეთ დასაქმება.

კანონპროექტი ადგენს დასაქმების ხელშეწყობის ერთიან პრინციპებს, როგორიცაა: დასაქმების ხელშემწყობი საქმიანობის ინდივიდულიზაცია, საქმიანობის არჩევანის თავისუფლება, დისკრიმინაციის აკრძალვა, მიუკერძოებლობა, სამუშაოს მაძიებლის მოტივაცია, საჯარო -კერძო პარტნიორობა, დასაქმების ხელშეწყობის უფასო სახელმწიფო სერვისი, ერთი ფანჯრის პრინციპი.

„კანონპროქტი ქმნის დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებათა ისეთ ეფექტიან სისტემას, რომელიც ემსახურება სამუშაოს მაძიებელს გახდეს დასაქმებული“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

მისი თქმით, კანონპროქტით გათვალისწინებული დასაქმების ხელშეწყობის პროცედურული ღონისძიებები გულისხმობს სამუშაოს მაძიებლად რეგისტრაციას, რეგისტრირებულ პირთა მონაცემების დამუშავებას, სამუშაოს მაძიებელთა ინფორმირებას და კონსულტირებას, მათი დასაქმების შანსების შეფასებას და პროფილირებას, კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შედგენას, სამუშაოს მაძიებელთა გადამზადებას, სამუშაოს მაძიებლის დასაქმებას, დამსაქმებელთა საჭიროებების კვლევას, დამსაქმებელთა ხელშეწყობას და მოტივაციისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. გარდა ამისა კანონპროქტი ითვალისწინებს დამსაქმებელთა ხელშეწყობასა და მათი მოტივაციის გაზრდას, დაასაქმოს მეტი მოქალაქე.

კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მოწყვლადი ჯგუფების უფლებებს. მათ შორის, შემოთავაზებულია, შესაბამისი რეგულაციები სოციალური დახმარების მიმღები პირების მიმართ. კანონპროქტის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სარგებლობენ შრომის ბაზარზე უპირატესი დაცვის უფლებით, მათ აქვთ პროფესიული რეაბილიტაციის უფლება, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფილია სააგენტოს მიერ. როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, კანონპროექტით განსაზღვრულია სამუშაოს მაძიებლისა და დამსაქმებლის უფლებები და ვალდებულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ, ერთი მხრივ, დამსაქმებელთა საჭიროებების გამოვლენას და მათზე რეაგირებას, ხოლო მეორე მხრივ სამუშაოს მაძიებელთა მოტივაციას და მათ დასაქმებას. მომხსენებლის განმარტებით, აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელების მიზნით, კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი ზომების მიღებას. მაგალითად, უწყებათაშორისი საკოორდინაციო მექანიზმის შექმნას. კანონპროექტის თანახმად, აღმასრულებელი ხელისუფლება უზრუნველყოფს აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკის ერთიან ანალიზს, უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლას და მის შემდგომ დაგეგმვას. სოფო კილაძის ინფორმაციით, კანონპროქტით დადგენილია დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე პასუხისმგებელი ინსტიტუტები და ამასთან ერთად, დასაქმების ხელშეწყობის განმახორციელებელ სისტემა, რომელის მიხედვითაც, დასაქმების ხელშემწყობი ღონისძიებების შესრულება ხდება საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობის საფუძველზე. კანონპროექტის მიზნების ეფექტიანად შესრულებისათვის, იგი უშვებს შესაძლებლობას, ხელშეკრულების საშუალებით დასაქმების ხელშეწყობის საქმიანობის განსაზღვრული ფუნქციის ან სამუშაოს შესრულება განსახორციელებლად გადაეცეს არამომგებიან იურიდიულ პირს. კანონპროექტი ავალდებულებს სოციალური დახმარების მიმღებ პირებს, დარეგისტრირდნენ სააგენტოში სამუშაოს მაძიებლებად. ამასთანავე, სააგენტო ხელს უწყობს სოციალური დახმარების მიმღები პირების დასაქმების მოტივაციის ამაღლებაში. კანონპროქტის მიხედვით, რეფორმის მიზნებისათვის, ერთმანეთისაგან კონცეფტუალურად არის გამიჯნული სამუშაოს მაძიებელი და უმუშევარი. მომხსენებელმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა. კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0