“კონსერვატორები“ “ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იქნებიან

ზვიად ძიძიგური ადასტურებს, რომ პარტია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად არ მიიღებს და “კონსერვატორები“ “ქართული ოცნების“ სიაში იქნებიან წარმოდგენილი.

“ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციების შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთიან სიაში იქნებიან “კონსერვატორების“ წარმომადგენლები. ეს ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს, შევინარჩუნოთ პარტიული იდენტობა, ვიყოთ კვალიფიციური პარტია, გვყავდეს წარმომადგენლობა პარლამენტში და გავაგრძელოთ ერთობლივად საქმე, რაც 2012 წელს ერთად დავიწყეთ“,-განაცხადა ძიძიგურმა.

როგორც მან განმარტა, იმის მიუხედავად, რომ “კონსერვატიული პარტია“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, როგორც დამოუკიდებელი საარჩევნო სუბიექტი წარმოდგენილი არ იქნება, პარტია კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს არ დაკარგავს, გამომდინარე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან და ამ სტატუსს მომავალ ადგილობრივ არჩევნებამდე შეინარჩუნებს.

“გამომდინარე აქედან, პარტიას კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი, დაფინანსება, საპარლამენტო წარმომადგენლობა ანუ პოლიტიკური ბერკეტები, რითაც პარტიამ პოლიტიკური საქმიანობა უნდა გააგრძელოს, სრულად უნარჩუნდება“, – განაცხადა ძიძიგურმა.

მისივე ცნობით, ხვალ, საგურამოში დაგეგმილ შეკრებაზე, სადაც “ქართული ოცნება“ პარტიის ახალ სახეებს წარადგენს, “კონსერვატორთა“ მთელი ფრაქციაა მიწვეული.

Visited 202 times, 1 visit(s) today