კონსტიტუციური პროცესი პოლიტიკურად მძიმე დასასრულისკენ მიექანება

07/09/2017

„ კონსტიტუციური პროცესი პოლიტიკურად მძიმე დასასრულისკენ მიექანება. საქმეს ვერ შველის ვერც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ უპრეცედენტოდ ღიად გამოხატული შეშფოთება და იმედგაცრუება. თვითიზოლირებული მმართველი გუნდი ცდილობს სიმტკიცე სიჯიუტით დაამტკიცოს. ეს არ ხდება ცუდი ადამიანების გამო. ეს ხდება ცუდი სისტემის – ერთპარტიული მმართველობის – გამო. ამგვარი სისტემა ერთი და იმავე კანონზომიერებას ექვემდებარება, იქნება ის „ნაცმოძრაობული“ თუ „ოცნებური“. ამიტომ ჰგვანან ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით 2004 წლის, 2010 წლის და 2017 წლის კონსტიტუციური რეფორმატორების ქმედებები, მიდგომები, რიტორიკა და სტილი.
მმართველმა პარტიამ ვერ გაიაზრა კონსტიტუციური პროცესის პოლიტიკური დატვირთვა და ფართო კონსენსუსის აბსოლუტური აუცილებლობა; მმართველმა პარტიამ ვერ დაინახა განსხვავება კონსტიტუციისა და სამეცნიერო ნაშრომის შექმნას შორის; პირადი ამბიციების გამო მთლიანად გადაიწერა 1995 წელს მიღებული კონსტიტუცია – ისიც, რაც შესაცვლელი იყო და ისიც, რაც მოსავლელი იყო, როგორც სახელმწიფოებრივი მემკვიდრეობითობის მთავარი ძარღვი; კვლავ იჩინა თავი „სახელმწიფო – ეს მე ვარ“ საძალაუფლებო ვირუსმა.
ეს ყველაფერი ასეა. მაგრამ, არანაკლებ დიდი პოლიტიკური უგუნურება იქნება თუ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ახალ კონსტიტუციას „ოცნების ფარატინა ქაღალდს“ დავარქმევთ და ამით ისედაც სუსტ სახელმწიფოებრიობას კიდევ უფრო დავაზიანებთ. ერის სახელწიფოებრივად ორგანიზების ისტორიული მისია ვერ მიიღწევა ერის კონსტიტუციური კონსოლიდაციის გარეშე.
ეს ჩვენ პოლიტიკურ სიმწიფეზე კარგს არაფერს მეტყველებს, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა სხვა მნიშვნელოვანი კონსტიტუციური თემა გადაფარა ერთ საკითხზე – საარჩევნო სისტემაზე – დებატებმა. სწორედ ამ საკითხზე შეუთანხმებლობას ეწირება მთლიანად კონსტიტუციისადმი საზოგადოების დიდი ნაწილის დამოკიდებულება და პატივისცემა. ამის დაშვება არ შეიძლება, ასე ჩვენ ვანგრევთ და არ ვაშენებთ.
თუ ახალი კონსტიტუციის სახით ერთად სავალ ფართო შარაგზას ვერ ვქმნით, ამ შარაგზისკენ მიმავალი ვიწრო ბილიკი მაინც უნდა გამოვძებნოთ. ამ უკანასკნელი შანსის ძიებაში „შენების მოძრაობა“ უახლოეს დღეებში საზოგადოებას გააცნობს საარჩევნო სისტემის იმგვარ მოდელს, რომელიც ყველას პრინციპულ პოზიციებს გაითვალისწინებს, მაგრამ ყველასგან მცირე დათმობებს მოითხოვს. ქვეყნის შენებისას უნდა გავთავისუფლდეთ შავ-თეთრი აზროვნებისგან და უნდა ვეძებოთ ოქროს შუალედები. ამით ყველაფერს ვერ გამოვასწორებთ, მაგრამ იმას მაინც შევძლებთ, რომ კონსტიტუციისადმი პატივისცემის ხარისხი არ დაეცეს იმ სახიფათო ნიშნულამდე, საითაც ახლა მიექანება. მზად ვართ ყურადღებით მოვისმინოთ მასშტაბური კრიზისის თავიდან აცილების სხვა გონივრული ვერსიებიც; არ ვართ მზად იმ ვერსიების მოსასმენად, რომლებიც ნასაზრდოებია „რაც უარესი, მით უკეთესი“ ან „ყველაფერი კარგადაა“ მიდგომებით.“

Tweet about this on TwitterShare on Facebook0