კონფერენციაზე – „ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში“ შემოთავაზებულ ცვლილებებსა და მოსალოდნელ შედეგებზე იმსჯელეს

09/11/2017

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით, დღეს კონფერენცია – „ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში“ გაიმართა. მონაწილეებმა საქართველოში ნარკოპოლიტიკის რეფორმით შემოთავაზებულ ცვლილებებსა და მოსალოდნელ შედეგებზე იმსჯელეს.ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება რეფორმით შემოთავაზებულ კონცეპტუალურ ცვლილებაზე გაამახვილა, რომელიც, მისი განმარტებით, „ნარკოპოლიტიკის გაადამიანურებას“ გულისხმობს.

„საუბარია ნარკოპოლიტიკის „გაჰუმანურებაზე“, „გაადამიანურებაზე“. საუბარია იმაზე, რომ დასჯის ნაცვლად ზრუნვის კონცეფცია შემოვიტანოთ. ეს საკითხი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის არეალში უნდა გადავიტანოთ. მიგვაჩნია, რომ ნარკოდამოკიდებულება სხვა უამრავი მავნე და უარყოფითი ზეგავლენის გარდა, პირველ რიგში, იწვევს უმნიშვნელოვანეს ნეგატიურ ცვლილებებს და პრობლემებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხით. პირველ ყოვლისა, მიდგომები სწორედ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხით არის შესაცვლელი“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებული ცვლილებები საშუალებას მოგვცემს, მოვახდინოთ მენტალური გარდატეხა საზოგადოებაში, იმ ინსტიტუტებში, ვისაც ამ პრობლემასთან გამკლავება ევალება – რომ ეს არის პირველ ყოვლისა, საზოგადოებრივი ჯანდაცვითი პრობლემა და არ არის მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების პრობლემა, როგორც ეს იყო დღემდე. რომ ეს არის ოთხსვეტიანი ნარკოპოლიტიკა და არა ერთსვეტიანი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სამართალდაცვით, რეპრესიულ ქმედებებზე იყო დამყარებული და არ მოიცავდა არანაირ სისტემურ პრევენციას“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

აკაკი ზოიძის თქმით, ნარკოპოლიტიკის რეფორმის ძირითადი არსი სერვისების განვითარებას და მკურნალობის მიმართ სისტემურ მიდგომას გულისხმობს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთის პარალელურად მოვახდინოთ იმ ორი მიმართულების განვითარება, რასაც ჰქვია დეკრიმინალიზაცია და სერვისების განვითარება“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

საკანონმდებლო ინიციატივის, არსებული გამოწვევების, მოლოდინებისა და უახლოეს გეგმების შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ისაუბრა. ეკა ბესელიამ ხაზგასმით აღნიშნა დისკუსიების გამართვის მნიშვნელობა და განაცხადა, რომ რეფორმა მეტ დროს, ძალისხმევასა და განხილვას საჭიროებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, რეპრესიულ პოლიტიკაზე უარი 2013 წელს ითქვა.

„თემა არის ძალიან აქტუალური, მგრძნობიარე. საზოგადოების მხრიდან ვგრძნობთ ამ თემის მიმართ დამოკიდებულებას, რომელიც შეიძლება არ იყოს ერთგვაროვანი და არის ცალკეულ შემთხვევაში პოლარიზებულიც. თუმცა, ის, რომ რეფორმის გაგრძელება არის საჭირო, მნიშვნელოვანი, აუცილებელი, გადაუდებელი, ბუნებრივია, ამას ყველანი ვამბობთ. ზოგადად, რეფორმა, რომელიც შემოთავაზებულია პარლამენტში განხილვისთვის, საჭიროებს მეტ დროს, ძალისხმევას, დისკუსიას. ამიტომაც დასჭირდა მას უფრო მეტი დრო და ფორმატების შექმნა, ვიდრე ეს ჩვეულებრივ, ორდინალურ შემთხვევაში იქნებოდა საკმარისი“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ეკა ბესელიამ კანონპროექტზე მუშაობის პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით, საკანონმდებლო პაკეტი კომპლექსურია და ფართო არეალს მოიცავს. ეკა ბესელიას განმარტებით, ეს არის გრძელვადიანი რეფორმა, რომელსაც რესურსების მობილიზება ესაჭიროება, ასევე, მნიშვნელოვანია, პასუხისმგებლობა და როლი ყველა შესაბამის უწყებაზე გადანაწილდეს. დეპუტატმა განაცხადა, რომ საკანონდებლო დონეზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საჭიროა კომპლექსური ღონისძიებების გატარება და შემუშავდეს კომპრომისული მიდგომის შემუშავება.

„იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ემზადება მთავრი სხდომისთვის. ასევე, ველოდებით სხვა კომიტეტების დასკვნებს. სამუშაო ჯგუფმა რამდენიმე დახურული შეხვედრა უკვე გამართა. კვლევითი ნაწილი თითქმის დასრულებულია. დარჩა ის ნაწილი, როდესაც პოზიციები უნდა დაახლოვდეს და მოხდეს კომპრომისული მოდელის მომზადება“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციისა და განათლების სისტემის როლის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა ისაუბრა. მისი თქმით, ნარკოკანონმდებლობის რეფორმირება მნიშვნელოვანია აივ ინფექციისა და C ჰეპატიტის პრევენციისთვის. კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება ნარკომომხმარებლებისადმი დამოკიდებულების ჰუმანიზაციისა და მულტისექტორული მიდგომის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ამ ძალიან მნიშვნელოვან, ისტორიულ კანონპროექტს, განათლების სისტემაში შევძლებთ ვიმუშაოთ როგორ მოსწავლეებთან, პედაგოგებთან, მანდატურის სამსახურთან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია ჩვენს სისტემაში და რაც მთავარია, ვიმუშავებთ საზოგადოებასთან ურთიერთობის და საზოგადოების განათლების მიმართულებით. ის შიში, რომელიც უკავშირდება ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციას, გაქარწყლებული უნდა იყოს არგუმენტებით და რეალური მაგალითებით, რომლებიც არაერთია“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

საზოგადოებრივი თანხმობის, ინფორმირებისა და ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან კობერიძემ. დეპუტატმა საზოგადოების წარმომადგენლებს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ თანხმობის შემდგომ შევთავაზეთ საზოგადოებას ეს კანონპროექტი, რომელიც დარწმუნებულები ვართ, რომ არის იმ სწორი გზის ნიშნული, საითკენაც მივდივართ. ყველაზე მთავარია ამ საკითხში საზოგადოების კარგად გაცნობიერება“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.

დამსწრეებს ნარკოპოლიტიკის რეფორმირების საერთაშორისო გამოცდილება უცხოელმა ექსპერტებმა გააცნეს. ნარკოპოლიტიკის შეფასების შვიდ საფეხურიანი სახელმძღვანელოს შესახებ ნარკოპოლიტიკის სამეცნიერო ანალიტიკოსმა, ოუენ კუგლმა (EMCDDA) ისაუბრა. პორტუგალიის გამოცდილება დამსწრეებს პორტუგალიის პარლამენტის წევრმა, რიკარდი ბაპტისტა ლეიტემ, ხოლო დაბალანსებულ ნარკოპოლიტიკასა და პრაქტიკაში საფრანგეთის გამოცდილება კი „მსოფლიო ექიმები საფრანგეთის“ წარმომადგენელმა, ელისაბეთ ავრილმა გააცნეს. კვებეკის მთავრობის მრჩეველმა, ფრანსუა გაგნონმა ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანის შემცირებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კვებეკისა და კანადის გამოცდილება გააცნო. რეფორმის პირობებში ზრუნვის სერვისების განვითარების შესახებ ისაუბრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსმა, მარინა დარახველიძემ.
სამოქალაქო სექტორის მიერ დანახული საჭიროებები და რეფორმის მომავალი მიმართულებები, ასევე, სერვისების განვითარების კონცეფცია, დამსწრეებს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებმა – გურამ იმნაძემ და დავით ოთიაშვილმა გააცნეს. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა დისკუსიაც. ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, თბილისის მერიის, სახალხო დამცველის აპარატის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების, ნარკოტიკების მომხმარებელთა სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და უცხოელი ექსპერტებმა მიიღეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0