პანკისის ხეობის სოფელ დუისში ე.წ დაბალ გორაზე კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღის აღსანიშნავად, კულტურის სამინისტროს ეგიდით და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით ჩატარდა სახალხო დღესასწაული “პანკისობა”. საზეიმო ღონისძიებებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოლაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბექა ბაიდაური , ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ახმეტის მცხოვრებლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
დაბალ გორაზე, თეატრონის ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ სხვადასხვა სპორტული შეჯიბრება გაიმართა: დოღი, მშვილდოსნობა, ქართული ჭიდაობა, მკლავჭიდი; მოეწყო ასევე სამუზეუმო ექსპონატებისა და ტრადიციული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ტრადიციული სამზარეულოს დეგუსტაცია. შედგა ცნობილი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის პრემიის ლაურეატის, ბაღათერ არაბულის წიგნის – „ხევსურული საგა“ პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.
საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ: ქისტი მომღერალი – სულთან ბორჩაშვილი,ახმეტის მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბახტრიონი“ , ფოლკლორული ანსამბლი „პანკისი“, თეატრალური უნივერსიტეტის ცეკვის ანსამბლი „როკვა“, ერისთავის თეატრი, თეატრალური უნივერსიტეტის მომღერალთა გუნდი, თუშების ფოლკლორული ანსამბლი „კესელო“, ქართული საბრძოლო ხელოვნება „შავფაროსნები“ და ინდივიდუალური შემსრულებელი ნატო მუთოშვილი.