ლაგოდეხში ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო

09/11/2021

ლაგოდეხში, ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო. მუნიციპალიტეტში, ტურისტებს, სულ მალე, დაცულ ტერიტორიებთან ერთად, რეაბილიტირებულ ისტორიულ მუზეუმში, უნიკალური არტეფაქტების დათვალიერების შესაძლებლობა ექნება. ლაგოდეხის ისტორიული მუზეუმი 1975 წელს დაარსდა. მუზეუმის ფონდში, ძირითადად, ძველი ჰერეთისა და მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიურ გათხრების შედეგად მოპოვებული ძველი ნივთები და ეთნოგრაფიული ფოტო მასალაა წარმოდგენილი. დამთვალიერებელს საშუალება ექნება, ასევე, მოინახულოს, შენობაში გამოფენილი სხვადასხვა ფოტო, ინდივიდუალური რეწვის ოსტატების და პროფესიონალი და მოყვარული მხატვრების ნამუშევრები. მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯონდო მდივნიშვილმა, მოადგილესთან, ზედამხედველობისა და ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. როგორც მუნიციპალიტეტის პირველი პირი აცხადებს, მუზეუმის შენობის ორივე სართულს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, შეიცვლება ჭერი, ფანჯრები, იატაკი, შიდა და გარე ფასადი, მოეწყობა ეზო, დაირგვება მწვანე ნარგავები, გაკეთდება შესასვლელი დეკორატიული ბილიკები და სცენა.
პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 826 404 ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0