ლაშა გოგიამ მედიას ახალი გუნდი წარუდგინა

24/11/2017

ზუგდიდის ახალ არჩეულმა მერმა ლაშა გოგიამ, მედიის წარმომადგენლებს ვიცე-მერი, მერის მოადგილეები და სამსახურის უფროსები წარუდგინა. ვიცე-მერად გია გულორდავა, ხოლო მერის მოადგილედ მაიზერ ნანავა დასახელდა. გია გულორდავა აქამდე ვიცე-მერის თანამდებობაზე ქალაქ ზუგდიდის მერიაში მუშაობდა. მაიზერ ნანავა კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურს ლაშა ჯაიანი უხელმძღვანელებს, რომელიც გამოცდილი კადრია და სხვადასხვა დროს სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა, მათ შორის დედაქალაქის მერიაში. ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურს თენგიზ ქობალია ჩაიბარებს. ის ამავე სამსახურს კურირებდა გამგეობაშიც. ინფრასტრუქურული პროექტების მართვის სამსახურს რუსლან კილასონია, მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურს კი მურთაზ ბოკუჩავა უხელმძღვანელებს. ორივეს თავის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. შესყიდვების სამსახურს გიგა ფარულავა უხელმძღვანელებს. ის აქამდეც ზუგდიდის გამგეობაში ამავე სამსახურს ხელმძღვანელობდა. სოციალურ და ჯანდაცვის სამსახურს ექიმი, პედიატრი ნინო სხულუხია უხელმძღვანელებს, ის იდენტურ სამსახურს ხელმძღვანელობდა ქალაქის მერიაში. განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსის მოვალეობას მაია ჩიტაია შეასრულებს. მას ამ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის უფროსი – იურისტი ბაკურ კვეტენაძე იქნება. ის ამ თანამდებობაზე ზუგდიდის გამგეობაშიც მუშაობდა. მერიის ადმინისტაციულ სამსახურს თენგიზ შანავა უხელმძღვანელებს – ის ამ სფეროში შეუცვლელია, თენგიზ შანავა არის ადამინი რომელსაც უდიდესი გამოცდილება და ცოდნა აქვს. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურს პოლკოვნიკი გია მანჯგალაძე უხელმძღვანელებს. ის თბილისის სამხედრო საარტილერიო უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულია. “მინდა ნდობისთვის ზუგდიდელებს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა. იმისთვის, რომ ზუგდიდი იყოს უკეთესი ქალაქი და განვახორციელო ის წინაასაარჩევნოდ გაჟღერებული გეგმები, მჭირდება ძლიერი, მობილური გუნდი, რომელიც მზად იქნება ყველა პრობლემის და საჭიროებების მყისიერად გადასაჭრელად. კადრები დაკომპლექტდა მათი პროფესიონალიზმითა და საქმისადმი ერთგულებით. გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, რომლის განსახორციელებლადაც დაუღალავი მუშაობა დაგვჭირდება. ამიტომაც ძლიერი გუნდი ჩამოვაყალიბეთ, რომელსაც სწორი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია, ჩვენი სტრუქტურა მთლიანად მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე იქნება მორგებული. ზუგდიდი ყველაზე წარმატებული მუნიციპალიტეტი იქნება.“ -აღნიშნა ლაშა გოგიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0