ლევან დავითაშვილი ყაზახეთის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მინისტრს შეხვდა

28/04/2022

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ყაზახეთის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მინისტრს კაირბეკ უკსენბაევს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული პრიორიტეტული საკითხები, მათ შორის, თანამშრომლობის გაღრმავება ტურიზმის, ინვესტიციების, ტრანსპორტისა და სხვა მიმართულებით. აღინიშნა ორმხრივი ვაჭრობის ზრდის დინამიკა საქართველოსა და ყახაზეთს შორის – მხოლოდ 2022 წლის პირველ კვარტალში სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 123 პროცენტით, ხოლო ექსპორტი – 150 პროცენტით გაიზარდა. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, განხილული იქნა ის შესაძლებლობები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის სრულად გამოყენებას. მათ შორის, ინფრასტრუქტურის განახლებას ჩვენი ქვეყნის პორტებში იმისთვის, რომ საქართველომ უფრო მეტი ტვირთის გატარება შეძლოს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებაზე. გაგრძელდება დეტალური განხილვები და მუშაობა კოლეგებთან აზერბაიჯანში, ყაზახეთში და თურქეთში, რომ შუა დერეფანმა მაქსიმალური კონკურენტუნარიანობა შეიძინოს და მაქსიმალურად დაიტვირთოს.
ყაზახეთის დელეგაცია, ხვალ, საქართველოში ორმხრივი სავაჭრო – ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11-ე სხდომის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0