ლევან ზაუტაშვილი ჩეხეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორს შეხვდა

10/11/2017

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი შეხვდა ჩეხეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორს პაველ ფრელიხს, ჩეხეთის საელჩოს თანამშრომლებს იან ჩერნიკსა და სოფო ქამუშაძეს. შეხვედრას ესწრებოდა რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა გივიშვილი.
შეხვედრაზე განიხილეს ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის დაცული ლანდშაფტების შექმნისა და განვითარების საკითხი. ჩეხეთის მთავრობა მომავალი სამი წლის განმავლობაში მოახდენს აღნიშნული პროექტის რეალიზაციისთვის საჭირო ფინანსების უზრუნველყოფას. პროექტის ფარგლებში განხორციელდება დაცული ლანდშაფტებისთვის განკუთვნილი ტერიტორიის ინვენტარიზაცია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, სოციალურ-ეკონომიკური პროექტების მხარდაჭერა და წახალისება.
სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა დელეგაციის წევრებს მცხეთა-მთიანეთის განვითარების ძირითადი მიმართულებები გააცნო. ლევან ზაუტაშვილმა განსაკუთრებული აქცენტი რეგიონის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ტურისტული პოტენციალის ზრდასა და განათლების დონის ამაღლებაზე გააკეთა, რაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სამოქმედო გეგმის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. დაცული ლანდშაფტების ზონის განვითარება, რომელიც ქართულ-ჩეხური თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის განვითარების მიმართულებით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0