თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB) ერთი წლისაა. საიუბილეო ღონისძიებას, რომელიც სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე გაიმართა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ.
სიტყვით გამოსვლისას ლევან იზორიამ ყურადღება დემოკრატიული განვითარების პროცესში ინსტიტუციური აღმშენებლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებული გამოწვევების ერთიანი აღქმა, პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა საფუძვლად დაედება სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავებას, რომელიც საერთო გამოწვევებთან გამკლავებაში დაგვეხმარება. მისი განცხადებით, DIB სკოლა საერთო ღირებულებების განმტკიცებას ემსახურება და ნატოს მიერ განსაზღვრული სტრატეგიით ვითარდება. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია. ამ კონტექსტში მინისტრმა სკოლის საერთაშორისო თანამშრომლობაზე და იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომლებიც თავდაცვის ტრანსფორმაციისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმებს ხელს უწყობს და საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის ამზადებს.
თავდაცვის მინისტრმა სასწავლო დაწესებულების ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა ნატოს ექსპერტთა ჯგუფის წევრებს, პროექტის ლიდერ და ძირითად ფინანსურ კონტრიბუტორს – გერმანიას, ნიდერლანდების სამეფოსა და კლინგენდაილის ინსტიტუტის წარმომადგენლებს, ასევე პარტნიორ ქვეყნებს, რომლებიც სკოლის აქტივობებს მხარდაჭერას უცხადებენ.
საიუბილეო ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა მიმართა და DIB-ის საქმიანობა შეაჯამა. ღონისძიებაზე, სიტყვით ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე დანიელ იაკობსი და ნიდერლანდების სამეფოს საერთაშორისო ურთიერთობების კლინგენდაილის ინსტიტუტის ხელმძღვანელი რონ ტონი გამოვიდნენ, რომლებმაც სკოლის ერთი წლის მიღწევები შეაფასეს და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში, ლევან იზორიამ უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსის მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცა.
მოგვიანებით, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ტერიტორიაზე ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიება მუსიკალურად თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებლმა ორკესტრმა გააფორმა.
DIB-ის საიუბილეო ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ლელა ჩიქოვანი, ნუკრი გელაშვილი, ზაალ კაპანაძე და გიორგი ბუთხუზი, ასევე თავდაცვის უწყების, უსაფრთხოების სექტორისა და სასწავლო დაწესებულების მხარდამჭერი ქვეყნების წარმომადგენელი დიპლომატები დაესწრნენ.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა 2016 წლის 28 ივნისს პროფესიული განვითარების ცენტრის ბაზაზე ჩამოყალიბდა.