ლესია უკრაინკას სახლ- მუზეუმის რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს

19/06/2019

უკრაინელი პოეტისა და მწერლის ლესია უკრაინკას სახლ- მუზეუმის რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს. ტექნიკური დეტალების განსახილველად, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს ნიკოლოზ ანთიძეს და საქართველოში უკრაინის სრულუფლებიან ელჩს იგორ დოლგოვს უმასპინძლა. აღნიშნულ შენობას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს, ამიტომ სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობით განახორციელებს. უკვე გავლილია მოსამზადებელი სამუშაოები და ექსპონატები დაცულ სივრცეშია გადატანილი. სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქციასთან ერთად, გათვალისწინებულია შენობის ეზოს ინფრასტრუქტურულად მოწყობაც. პროექტირებას კონკურსში გამარჯვებული კომპანია შპს „არტ ბილდინგი“ ახორციელებს, მათი წარმომადგენლების განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევა-ფიქსაცია, არქიტექტურულ -არქეოლოგიური ანაზომის გაკეთება, რაც გულისხმობს შენობის მდგომარეობის დაფიქსირებას, თავისი ბზარებით, დაზიანებებით. დაგეგმილია კონსტრუქტორის ჩართვა, რათა შენობის ფასადთან დაკავშირებით, მოხდეს დეტალური შეფასება.
ლესია უკრაინკას მემორიალური მუზეუმი, დაბა სურამში, სურამელი აზნაურის, ცნობილი ეთნოგრაფის ნიკოლოზ აბაზაძის XIX საუკუნის სახლშია გახსნილი. მუზეუმის გახსნის ინიციატორი მწერალი გიორგი ლეონიძე იყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0