ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი სტუდენტებს შეხვდა

13/06/2017

„ლიტვა არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გადადგა სწრაფი ნაბიჯები რეფორმების, საკუთარი თავდაცვისუნარიანობის ამაღლების, თუ სტუდენტების განათლების კუთხით. ევროკავშირსა და ნატოში ლიტვის გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით დღეს ძალიან კარგი ლექცია ჩაატარა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა. რაც ყველაზე მთავარია, კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ჩვენმა სტუდენტებმა. 15 სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, აგრეთვე, ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოვიწვიეთ და ისეთი კარგი ინგლისურით, კარგად გააზრებული კითხვები დასვეს და კარგი დისკუსია გაიმართა. მე ძალიან ამაყი და კმაყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრით”-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინკევიჩიუსის საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ. 13 ივნისს, საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან 70-მდე სტუდენტისთვის ლექცია გამართა. სტუმარს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ უმასპინძლა, ლექციას კი მოდერაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ გაუწია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0