მამუკა ბახტაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

27/11/2017

საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ალენ პილუმ (Alain Pilloux), რომელიც „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში საქართველოში იმყოფება.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე. ამ დროისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერა მოიცავს 2,9 მლრდ ევროს 205 პროექტში.
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს საიმედო პარტნიორია, რომლის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები სახელმწიფო და კერძო სექტორში, მნიშვნელოვანია ბანკის მხარდაჭერა რეფორმების მხარდაჭერის კუთხით, ასევე აღსანიშნავია ბანკის მხრიდან ისეთი სფეროების დაფინანსება როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, წყალმომარაგების სისტემები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება, რომლებიც ასახულია საქართველოსთან მიმართებაში EBRD-ის სტრატეგიის დოკუმენტში, სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმასთან“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. მან იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობა საქართველოსა და EBRD-ს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0