მამუკა ბახტაძე ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საუდის არაბეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანს, აბდულ ლატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანის და საუდის არაბეთის განვითარების ფონდის თავმჯდომარის მოადგილესა და მმართველ დირექტორს – იუსუფ ალ ბასამს შეხვდა.
ყურის თანამშრომლობის საბჭოში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის პარტნიორობისა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, GCC-ის წევრი ქვეყნები დაინტერესებულნი არიან საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალით, რასაც მოწმობს არაბული კომპანიების გააქტიურება ქართულ ბაზარზე.
საუდის არაბეთის განვითარების ფონდში საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო და ბიზნეს კავშირების გააქტიურების პერსპექტივას და თანამშრომლობის საკითხებს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში როგორიცაა: ვაჭრობა, ტურიზმი და ტრანსპორტი. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც დიდი სატრანზიტო პოტენციალის მქონე ქვეყნის მნიშვნელობას, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიმართულებით.
შეხვედრებზე მხარეები შეთანხმდნენ გაგრძელდეს აქტიური დიალოგი, რაც ხელს შეუწყობს სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების მხრიდან საქართველოს ბიზნეს და ტურისტული გარემოთი დაინტერესებას.

Visited 212 times, 1 visit(s) today