მარიამ ჯაში ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის ოფისის დირექტორს შეხვდა

12/07/2017

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში დღეს ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის ოფისის დირექტორს და კომისრის მოვალეობის შემსრულებელს, ჰენრიკ ვილადსენს შეხვდა.
შეხვედრის ძირითადი თემა იყო განათლების სისტემაში ეთნიკურ უმცირესობების სწავლებასთან დაკავშირებული საკითხები. მარიამ ჯაშმა ისაუბრა იმ მიღწევებზე, რომელიც ხორციელდება სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რაიონებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
მისი თქმით, ეთნიკური უმცირესობების სტუდენტებისთვის არსებობს ე. წ. 1+4 პროგრამა, რომლითაც სწავლების პირველი წელი ეძღვნება სახელმწიფო ენის შესწავლას და შემდგომში უმაღლესი განათლების მიღებას. მისივე ინფორმაციით, გაფართოებულია შესაძლებლობები პროფესიული სწავლების მიმართულებითაც.
„ეთნიკური უმცირესობის ბავშვების, მოსწავლეების სტუდენტების ინტეგრაციის შემდგომი ხელშეწყობისთვის არსებულ გამოწვევებზე ჩვენ ვიმუშავებთ ერთობლივად – განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მუნიციპალიტეტები და საერთაშორისო ორგანიზაციები. შევთანხმდით, რომ კომიტეტი სამუშაო შეხვედრას უმასპინძლებს“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მისი თქმით, ეუთო აღნიშნული მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0