მარიამ ჯაში „ჩაკრულოს კვირეულის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

29/09/2017

აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA-ს) კოსმოსური ხომალდების, ვოიაჯერ 1-ისა და ვოიაჯერ 2-ის კოსმოსში გაშვების 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოში მყოფ “ვოიაჯერის“ პროგრამის ხელმძღვანელთან, ჯონ კასანისთან და მარსის პროგრამის მთავარ ინჟინერთან, რობ მენინგთან ერთად მარიამ ჯაში თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გამართულ დოკუმენტური ფილმის ჩვენებასა და ანსამბლ „ერისონის“ კონცერტს დაესწრო.
ფილმი ქართული მრავალხმიანი სიმღერის „ჩაკრულოს“ კოსმოსში გაშვების ისტორიას მოგვითხრობს. მისი ავტორი და რეჟისორი კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე რამაზ ბლუაშვილია. ღონისძიებაზე სხვადასხვა ქართულ ხალხურ ცეკვებთან და სიმღერებთან ერთად ანსამბლ „ერისიონის“ 7 თაობის წარმომადგენლების მიერ შესრულდა სიმღერა „ჩაკრულო“.
სტუმრებმა პირადად გაიცნეს მომღერალი როსტომ საგინაშვილი, რომელმაც ილია ზაქაიძესთან ერთად 40 წლის წინ იმღერა ოქროს ფირფიტით კოსმოსში გასაგზავნი ქართული ხალხური სიმღერა.
“ჩაკრულოს კვირეულის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე მარიამ ჯაში სიტყვით გამოვიდა.
„ეს არის ზეიმი ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ორმოცწლიანი მეგობრობის, რომელიც „ ჩაკრულოს“ კოსმოსში გაშვებით დაიწყო. დღეს ამ არაჩვეულებრივად ორგანიზებულ საღამოზე გვესწრება თანამედროვე მეცნიერების ორი ცოცხალი ლეგენდა – ბატონი ჯონ კასანი და ბატონი რობ მენინგი. დღევანდელმა ღონისძიებამ დაამკვიდრა ახალი ბრენდი, რომ ქართული სიმღერა საზღვრებს გარეთ ყოველთვის გადიოდეს გალაქტიკის ფონზე. მნიშვნელოვანია, რომ ქართული სიმღერა კოსმოსში გასაგზავნად შეირჩა კაცობრიობის შედევრებს შორის”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტის სახელით სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0