მარტვილის კანიონის გასხვისება არ იგეგმებოდა და არც იგეგმება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მარტვილის კანიონის გასხვისება არ იგეგმებოდა და არც იგეგმება, – ამის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

გარემოს დაცვის სამინისტრო ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მარტვილის კანიონის გაყიდვა იგეგმება.

”ცალსახად გვინდა განვაცხადოთ, რომ მარტვილის კანიონი არის დაცული ტერიტორია, ბუნების ძეგლი და მისი გასხვისება კანონს ეწინააღმდეგება – შესაბამისად მისი გასხვისება არ იგეგმებოდა და არც იგეგმება!

განვმარტავთ, რომ მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლზე, როგორც მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტზე, არსებული უამრავი პრობლემა მოუგვარებელი ვერ დარჩებოდა და იმისთვის, რომ მარტვილის კანიონმა ტურისტული სეზონისთვის ვიზიტორები მოწესრიგებულ, კომფორტულ და თანამედროვე სტანდარტების შესატყვის გარემოში მიიღოს, 2015 წლის ნოემბრიდან შენდება ვიზიტორთა ცენტრი ბილიკებით, ხიდებით, ნავმისადგომითა და ყველა აუცილებელი ტურისტული ინფრასტრუქტურით. რეაბილიტაცია უტარდება დადიანების ისტორიულ კიბესა და წისქვილს.

კანიონის რეაბილიტაციის და არსებული ვითარების მოწესრიგების პროცესში, მთავრობამ გაითვალისწინა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები და კანიონის საწყალოსნო მონაკვეთზე ტურისტული სერვისის მართვის უფლება აუქციონზე გატანის ნაცვლად პირდაპირი წესით გადაეცა შპს-ს „ოფუცხოი,“ რომელშიც 80-მდე ადგილობრივი ოჯახია გაერთიანებული. სერვისის გადაცემა მოხდა გარკვეული პირობებით, რომლებიც, ძირითადად, ვიზიტორთა უსაფრთხოებას უკავშირდება.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უშუალო და რეგულარული კომუნიკაცია აქვს კანიონის მიმდებარე სოფლების მოსახლეობასთან. შედეგად, მიღწეულია უპრეცედენტო და ძალიან პოზიტიური შეთანხმება, როცა სახელმწიფო აფინანსებს და აკეთებს ფუნდამენტურ ინფრასტრუქტურას, ხოლო მის მართვას იღებს ადგილობრივი მოსახლეობით დაკომპლექტებული კომპანია.

სამწუხაროა, რომ რამდენიმე ადამიანი ამ პროცესში დისონანსის შეტანასა და მშენებლობის პროცესის ხელის შეშლას ცდილობს. თუმცა, დარწმუნებულნი ვართ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ეყოფა გონიერება, არ აჰყვეს ამ პროვოკაციასა და მოემზადოს ტურისტული სერვისის ეფექტური მართვისათვის. ერთობლივი ძალისხმევით მალე ღირსეულ მასპინძლობას გავუწევთ კანიონის სტუმრებს”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

Visited 143 times, 1 visit(s) today