საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით “მეგზევის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. წელს, მეგზევის დღის აღნიშვნის ტრადიციას 51 წელი შეუსრულდა. ღონისძებაზე დაჯილდოვდნენ მეგზევეები, რომლებმაც საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. ასევე, 2018 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების წარმატებით შესრულებისთვის, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რამდენიმე კომპანია დააჯილდოვა.
“კარგია რომ ეს დღე არსებობს და ამ დარგის წარმომადგენლებს შეუძლიათ შეიკრიბონ და ერთად აღნიშნონ “მეგზევის დღე”, თქვენ ნამდვილად ისტორიას ქმნით თქვენი საქმით. მინდა გისურვოთ ბევრი ინოვაციის შემოტანა თქვენს სფეროში. სახელმწიფოსა და თქვენს შორის აუცილებლად უნდა იყოს მჭიდრო კავშირი, რათა შევძლოთ ურთიერთ თანამშრომლობით განვახორციელოთ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტები”- განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.
მეგზევის დღის აღნიშნვას საფუძველი 51 წლის წინ, გიორგი რობიტაშვილმა ჩაუყარა (გიორგი რობიტაშვილი საგზაო დარგს 1939-1984 წლებში, 47 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა) რეგიონების წარმომადგენლებთან ერთად წლის შედეგების შემაჯამებელმა შეხვედრებმა 1967 წლიდან ტრადიციის სახე მიიღო, 80-იანი წლებიდან კი ოფიციალურ პროფესიულ დღედ იქცა.