მედიაპლურალიზმი არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიღწევა

03/03/2017

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უზენაესი სასამართლოს მიერ ”რუსთავი 2” -ის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
„მედიაპლურალიზმი არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიღწევა და ამ მიღწევას განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით. ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, საქართველოში მედიაპლურალიზმი იყოს უზრუნველყოფილი და თითოეული ჟურნალისტის, ყველა ტელეარხის, ყველა მედია საშუალების ჟურნალისტის ინტერესები დაცული,“ – ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ქართულ მედია სივრცეში 2012 წლამდე არსებული ვითარება გაიხსენა. მისი შეფასებით, მედიაპლურალიზმი არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების, ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა. „ჩვენ გვახსოვს რა მდგომარეობა იყო ამ კუთხით 2012 წლამდე. იყო სამი ნაციონალური ტელეარხი, რომელიც მთლიანად კონტროლდებოდა მაშინდელი მმართველი პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ და ეს ვითარება არის რადიკალურად შეცვლილი 2012 წლის შემდეგ,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ამისთვის ყველაფერს გააკეთებს – „ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურ ყურადღებას გამოვავლენთ ამ კუთხით და დავაკვირდებით თითოეულ იმ პროცესს, რომელიც დაკავშირებული იქნება საქართველოში მედია პლურალიზმის უზრუნველყოფასთან და ჟურნალისტების ინტერესების დაცვასთან,“-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამწუხაროდ, სასამართლოს არც ერთ ეტაპზე არ მიეცა ამ საქმეზე მშვიდად მსჯელობის საშუალება და ზუსტად იგივე პროცესები ვითარდებოდა დღესაც.
„ეს არის საერთო სურათი, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ. შესაბამისად, პოზიცია შემიძლია მარტივად დავაფიქსირო – სასამართლოს უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ მშვიდად იმსჯელოს ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც არის წარდგენილი მის წინაშე. სამწუხაროდ, წინასწარ იქმნებოდა გარკვეული განწყობები, წინასწარ იქმნებოდა გარკვეული მოლოდინები ამა თუ იმ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სასამართლოს ვცეთ პატივი. სასამართლოს მიმართ დამოკიდებულება, სამწუხაროდ, არ შეესაბამებოდა იმ ინსტიტუტის მნიშვნელობას, რომელსაც ჰქვია მართლმსაჯულება“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, პარლამენტი დააკვირდება პროცესების განვითარებას.
„ჩვენ დავაკვირდებით პროცესების განვითარებას. ვინც არ უნდა იყოს მესაკუთე, როგორც არ უნდა იყოს გადანაწილებული საკუთრებითი უფლებები მედიის სფეროში, უნდა იყოს დაცული მედიაპლურალიზმი – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია, ამასაც ხაზგასმით ვიტყვი, რომ უზრუნველყოფილი იყოს მედიაში ოპონირება, უშუალოდ ხელისუფლების ოპონირება. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მედიაპლურალიზმს და უნდა დავიცვათ ჟურნალისტების უფლებები“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0