მეხანძრე-მაშველები გურიის რეგიონში უხვი ნალექის შედეგად დატბორილი სახლებიდან და ეზოებიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აგრძელებენ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები გურიის რეგიონში უხვი ნალექის შედეგად დატბორილი სახლებიდან და ეზოებიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აგრძელებენ. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. შსს-ს მეხანძრე-მაშველები ჩოხატაურის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის რაიონებში სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობის სამაშველო ღონისძიებებს 24 საათის განმავლობაში ახორციელებენ.
გადაუღებელმა წვიმამ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა იმერეთშიც. ამ დროისათვის, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში აღნიშნული რეგიონიდან 300-მდე შეტყობინებაა შესული. დატბორილია საცხოვრებელი სახლების ეზოები და სარდაფები, ასევე, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები. უხვი ნალექის შედეგად, დაიტბორა ქუთაისის 32-ე და 35-ე საჯარო სკოლების პირველი სართულები და სარდაფები. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა ორივე სასწავლო დაწესებულებიდან მოსწავლეებისა და პედაგოგების ევაკუაცია დროულად განახორციელეს.
გადაუღებელი წვიმის შედეგად, მდინარე ოღასკურაც ადიდდა და ქალაქ ქუთაისის დასავლეთ ნაწილი დატბორა, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. შსს-ს სამაშველო ჯგუფები ადგილზე იმყოფებიან და წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ.
შსს-ს მეხანძრე-მაშველებმა, ასევე, ოპერატიული დახმარება გაუწიეს ქუთაისის ორ სამშობიარო დაწესებულებას. სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე აწარმოებენ წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს 4 საავადმყოფოს ტერიტორიაზე, სადაც დატბორილია შენობების პირველი სართულები და სარდაფები.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ.
ცენტრალურ გზებზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეცტექნიკა. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

Visited 177 times, 1 visit(s) today