მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა სრულად ასახავს საზოგადოების ინტერესებს

29/11/2016

„ყოველწლიურად 400 მილიონი დოლარის ყიდვა აღარ მოუწევს მათ, ვინც უცხოურ ვალუტას არსებული სესხის გამო ყიდულობდა. ამით საგრძნობლად შემცირდება ზეწოლა ლარის კურსზე“, – განაცხადა პირველმა, ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე. მან დეტალურად ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის ლარიზაციისკენაა მიმართული.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა სრულად ასახავს საზოგადოების ინტერესებს და პირველ რიგში, მიმართულია სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისკენ. „ჩვენ, ეროვნულ ბანკთან ერთად, ვიმუშავეთ ლარიზაციის გეგმაზე, რომლის მიზანია, რომ ყველაზე კრიტიკული სესხები გალარდეს, ისე, რომ არ დავაზიანოთ სასესხო ბაზარი,“ – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
კერძოდ, მოხდება 2015 წლის 1 იანვრამდე ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფით, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ლარში გადატანა არსებული კურსს მინუს 20 პუნქტით. (ერთ კლიენტზე ერთ ბანკში 100 ათასი ლარამდე ნარჩენი თანხის სუბსიდია, გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტში). ამ სესხებზე ეროვნული ბანკი აუქმებს წინასწარ დაფარვის საკომისიოს.
ამავე გეგმით, ახალი სესხების – 2017 წლის 1 იანვრიდან 100 ათას ლარამდე და შემდეგ წელს 200 ათას ლარამდე – გაიცემა ეროვნულ ვალუტაში.
ბანკები ვალდებული არიან, გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღეში შეტყობინება გაუგზავნონ ყველა კლიენტს, ვისაც ეს გადაწყვეტილება პოტენციურად შეეხება.
„ამ ნაბიჯით მთავრობა ერთჯერადად დაეხმარება ყველაზე დაზარალებულ ჯგუფს,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ლარიზაციის შედეგად, შემცირდება ჩვენი მოსახლეობის და ქვეყნის ეკონომიკის დამოკიდებულება უცხოურ ვალუტაზე – დოლარზე და სავალუტო ცვლილებები ნაკლებ გავლენას იქონიებს ადამიანების ფინანსურ მდგომარეობაზე და საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ საკუთარი მიმდინარე ხარჯების მარტივად მართვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0