მთაწმინდის ფერდობის დამწვარ ტერიტორიაზე მწვანე საფარი აღდგება

30/08/2017

კომპანია „m2 უძრავი ქონება“ მთაწმინდის ფერდობზე დამწვარ ტერიტორიას აღადგენს. დამწვარი 20 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე მწვანე საფარისა და ლანდშაფტის აღდგენის პროექტის პრეზენტაციას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ მთაწმინდის ფერდობის დამწვარი ტერიტორიის აღდგენის საკითხზე მუშაობა 9 აგვისტოს დაიწყო. ამ დღიდან ქალაქის მერიასთან, გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან ერთად საკითხის შესწავლა და რეაბილიტაციის შესაძლო ვარიანტების განხილვა მიმდინარეობდა. პროექტის მიზანი დამწვარი 20 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორიის სრულად აღდგენა და აღნიშნულ ადგილზე ბიომრავალფეროვანი გარემოს შექმნაა. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, კომპანიის „m2 უძრავი ქონება“ ინიციატივა მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ზაფხულის განმავლობაში ქალაქში მწვანე საფარს დიდი ზიანი მიადგა. „მნიშვნელოვანია, რომ სხვა კომპანიებიც შემოუერთდნენ ამ ინიციატიავას და არაერთმა კომპანიამ გამოთქვა სურვილი. ეს, ერთის მხრივ, არის კომპანიის მხრიდან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და მოქალაქეობრივი ინტერესით ნაკარნახევი და მეორეს მხრივ, რაც უფრო მეტი ჩართულობა იქნება, მით უფრო მოწესრიგებული და გამწვანებული სივრცე გვექნება ჩვენს ქალაქსა და ქვეყანაში. იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ბოლო სამი წლის განმავლობაში ინტენსიურად ვიმუშავეთ ქალაქის გამწვანებაზე და არაერთმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა გამოთქვა სურვილი, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ უკეთესი მწვანე სივრცე და უფრო სუფთა ჰაერი გვქონდეს ჩვენს ქალაქში“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. ღონისძიებას თბილისის მერიის, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი გოგა წერეთელი და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ. მთაწმინდის მთაზე ხანძარი 2017 წლის 8 აგვისტოს გაჩნდა. ცეცხლი ძნელად მისადგომ ფერდობზე ბალახსა და ხეებს წაეკიდა და დაახლოებით 2 ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0